სამართალი

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ უზენაეს სასამართლოში განუცხადა. 

“მიღწეულია საპროცესო შეთანხმება გიორგი ჯანაშიასთან მიმართებით, ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით. მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე, მოაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია”, – აღნიშნა პროკურორმა. 

მან განმარტა, რომ რადგან საქმე დახურულ სხდომაზე განიხილება, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ უზენაეს სასამართლოში ბრალდების მხარე წარადგენს საკასაციო საჩივარს ბრალდებულ გუგა ბარბაქაძესთან მიმართებით, ასევე, შუამდგომლობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან დაკავშირებით და მოისმენს საკასაციო საჩივარს გუგა ბარბაქაძის ინტერესების დამცველი ადვოკატისგან.

„ბრალდებული სააპელაციო სასამართლოში არ ეთანხმებოდა მის მიმართ წაყენებულ ბრალს, თუმცა, ამ ეტაპზე, მან აღიარა მის მიერ განხორციელებული ქმედება“,- განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს.

ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია.

Facebook Comments