ნინო გულუა: – შშმ ქალების ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისთვის ფუნდამენტური რეფორმებია გასატარებელი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, კერძოდ, ქალთა პრობლემები ბევრად უფრო მძაფრია არა მარტო რეგიონებში, არამედ თბილისშიც, ვიდრე ეს კვლევამ გამოავლინა,-ამის შესახებ მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step”-ის დირექტორმა ნინო გულუამ განაცხადა.

კვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

„დღეს მქონდა პატივი დავსწრებოდი კვლევის პრეზენტაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ. მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის, რომელთა ფინანსური ხელშეწყობითაც ჩატარდა აღნიშნული კვლევა.

უნდა ითქვას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, კერძოდ, ქალთა პრობლემები ბევრად უფრო მძაფრია არა მარტო რეგიონებში არამედ თბილისშიც, ვიდრე ეს კვლევამ გამოავლინა. დღევანდელ პრეზენტაციას ვერ დაესწრო დიანა ჯიშიაშვილი – შშმ ქალი, რომელმაც ადაპტირებული ტაქსი ვერ მოიძია, რათა დღევანდელ პრეზენტაციაზე მოსულიყო. დიანა არის საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც ოჯახი შექმნა და არაჩვეულებრივ ვაჟს ზრდის.

დიანამ ორსულობის დროს ძალიან დიდი დაბრკოლებებით, ბევრი კეთილი ადამიანის დახმარებითა და გვერდში დგომით გადალახა ყოფითი პრობლემები. მისთვის ყოველი ანტენატალური ვიზიტი სტრესთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის კაბინეტები არ არის ადაპტირებული და უფრო მეტიც, ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური კადრები, რომელთა მზაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორსულების მისაღებად მინიმალურია.

ვფიქრობ, კომპეტენტური კადრების ჩართულობით ფუნდამენტური რეფორმებია გასატარებელი ამ სფეროში. მართალია, ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით, გარკვეული პოზიტიური ცვლილებებია, თუმცა შშმ პირთათვის დღემდე პრობლემურია: აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამები, სამედიცინო სერვისები, დისტანციური განათლება, არაკომპეტენტური კადრების არსებობა, დასაქმების შესაძლებლობა და აუცილებელი/საბაზისო მედიკამენტები, რომლებიც ასტრონომიულად მაღალი ფასების გამო არ არის ხელმისაწვდომი.

ვიმედოვნებ, რომ ის ბარიერები, რომელიც ხვდებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სამედიცინო სერვისების მიწოდების კუთხით, მხოლოდ რეკომენდაციებით არ შემოიფარგლება და პარლამენტის დეპუტატებისა და მთავრობის მხრიდან შეხვედრაზე გაჟღერებული დაპირებები განხორციელდება და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.

და ბოლოს, სახელმწიფომ ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს, რომელიც მაქსიმაურად უზრუნველყოფს შშმ პირთა უფლებების დაცვას და კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებას“,-აცხადებს ნინო გულუა.

Facebook Comments

ახალი დადებული