პოლიტიკა

თქვენო აღმატებულებავ- „სირცხვილიას“ ღია წერილი საქართველოში აშშ-ს ელჩს

Nusagi

ორგანიზაცია „სირცხვილია“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს ღია წერილით მიმართავს. წერილი „სირცხვილიას“ ფესიბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„თქვენო აღმატებულებავ,

პირველ რიგში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც საუკუნეებია იბრძვის თავისუფლებისთვის. უკვე თითქმის სამი ათწლეული გავიდა, რაც ფორმალურად დამოუკიდებლები ვართ რუსეთისგან, მაგრამ ჩვენ დღემდე ვისჯებით სურვილისთვის, თავად განვსაზღვროთ საკუთარი ბედი.

ქართველმა ხალხმა საკუთარი ისტორიული არჩევანი კონსტიტუციაში ასახა – ჩვენ გვსურს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები. ჩვენ ვისწრაფით ევროკავშირისა და ნატოსკენ და ეს ძალიან ძვირი გვიჯდება: საქართველოს 20% ოკუპირებულია, ოკუპანტი ქვეყანა ევროატლანტიკური არჩევანის გამო მუდმივი პოლიტიკური დესტაბილიზაციით გვიხდის სამაგიეროს, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ბრძოლას მაინც განაგრძობს.

სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლის შედეგად აღმოცენდა მოძრაობა “სირცხვილია”, რომელიც 21 ივნისიდან მოყოლებული ანტისაოკუპაციო აქციებს აორგანიზებდა. ჩვენი აქციები რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს, ვიზიტთან დაკავშირებულ სამოქალაქო პროტესტსა და ამ პროტესტის მიმართ ხელისუფლების ძალადობრივ პასუხს მოჰყვა. 20 ივნისის ღამეს ხელისუფლებამ დაახლოებით 240 ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენა სხვადასხვა სახის ზიანი, მათ შორის 40-მდე ჟურნალისტს, ხოლო 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

21 ივნისიდან მოყოლებული ჩვენ 93 დღის განმავლობაში, უწყვეტი აქციებით ვითხოვდით სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას, უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლებასა და პროპორციულ არჩევნებს, რომელსაც სამუდამოდ უნდა დაემსხვრია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ბარიერი – ერთმმართველობა.

პროპორციული არჩევნები ჩვენი აქციების 3 მოთხოვნიდან უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან არსებული შერეული სისტემა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯგუფების სრულყოფილ რეპრეზენტაციას საკანონმდებლო ორგანოში, ხელს უწყობს მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობას, ერთ ხელში ძალაუფლების უსამართლო კონცეტრირებას, საზოგადოების პოლარიზაციასა და მოქალაქეებში ნიჰილიზმის გაღვივებას. რაც მთავარია, პროპორციული სისტემა დაიცავს ჩვენს კონსტიტუციაში ასახულ სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიულ მმართველობას.

სამართლიანი საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლა გავრილოვის ჩამოსვლისას არ დაწყებულა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება 30 წლის განმავლობაში ითხოვდა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას, თუმცა არცერთმა ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა არ შეასრულა – მათ შორის არც უკანასკნელმა, ქართულმა ოცნებამ, პარტიამ, რომელიც ოპოზიციაში ყოფნის დროს ჯერ თვითონ ითხოვდა პროპორციულ არჩევნებს, შემდეგ კი თავად ჰპირდებოდა მას მოსახლეობას.

20 ივნისს დაწყებული აქციების მეოთხე დღეს სამოქალაქო საზოგადოებამ თითქოს საწადელს მიაღწია, ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი ბიძინა ივანიშვილი დათმობაზე წავიდა და საარჩევნო სისტემის ცვლილების დაპირება მისცა როგორც ქართველ ხალხს, ისე საერთაშორისო პარტნიორებს. პროპორციული არჩევნები მმართველმა პარტიამ საკუთარ ინიციატივადაც კი მონათლა და აქტიურად დაიწყო “საკუთარი გადაწყვეტილების” პოპულარიზაციის კამპანია.

ერთმმართველობის, პოლარიზაციისა და ზიზღით გაჟღენთილი კამპანიების დასრულების მოლოდინში ჩვენ მოთმინებით ველოდით დაპირების შესასრულებლად სათანადო პროცედურების დაწყებას, ოპოზიციას და საზოგადოებას მოვუწოდებდით სიმშვიდისკენ, როდესაც შსს მინისტრ გიორგი გახარიას გადაყენების ნაცვლად, პრემიერად აწინაურებდნენ, ვსკანდირებდით “მშვიდობას”, როცა ხელისუფლება პრორუსული, მოძალადე ჯგუფების ხელით გვარბევდა და გამამხნევებელი სიტყვებით ვათბობდით ერთმანეთს, როცა ზამთრის სუსხში ჩვენს მანიფესტაციებს ცივი წყლის ჭავლით შლიდნენ და პოლიციელთა ცრუ ჩვენებების საფუძველზე აქტივისტებს ციხეებში ამწყვდევდნენ.

თუმცა როცა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებით აშკარა გახდა, რომ ქართული ოცნება პროპორციული არჩევნებით არა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობის, არამედ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამორჩეულმა პარლამენტარებმა მათივე პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტი ჩააგდეს. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ იგივე კვლევების თანახმად, საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს პროპორციული არჩევნების მოთხოვნას.

საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებისა და საზოგადოების ღალატის შემდეგ ხელისუფლებამ წამოიწყო შეტევის ახალი ტალღა სამოქალაქო აქტივისტებისა და ჩვენი მოძრაობის წევრების მიმართ. მხოლოდ ნოემბრიდან დღემდე 100-მდე მშვიდობიანი აქტივისტი დააკავეს. გარდა დაკავებებისა, ხელისუფლება საბჭოთა კავშირის რეჟიმის მემკვიდრე ადმინისტრაციული კოდექსის გამოყენებით ფინანსურ ზეწოლას ახორციელებს პროტესტის გამომხატველ ახალგაზრდობაზე. ამ დრომდე მათზე გამოწერილი ჯარიმების თანხა 30,000 ლარს აჭარბებს. იმ პირობებში, როდესაც ახალგაზრდებში უმუშევრობა 25%-ს აჭარბებს და მოსახლეობის 20% აბსოლუტური სიღარიბის ნიშნულს ქვეშაა, ხელისუფლება დასაქმებულის საშუალო თვიურ შემოსავალზე დიდ ჯარიმებს აკისრებს მშვიდობიან მანიფესტანტებს.

გარდა დაკავებისა და დაშინებისა, საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს საინფორმაციო ომს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ქართული ოცნება საბიუჯეტო რესურსს საკუთარი პარტიის ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს და დაუდეკლარირებელი, შავი ფულით აფინანსებს ტროლგვერდებს, რომლებიც სიცრუეს და ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება. ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ყალბი ამბების შემქმნელები პრორუსულ, პროსახელისუფლებო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებენ. ეს ფაქტი დაადასტურა Facebook-მაც და საქართველოში მოქმედი 400-მდე ტროლგვერდი და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი ჯგუფები გააუქმა, მაგრამ ამან მხოლოდ დროებით და ნაწილობრივ აღმოფხვრა პრობლემა.

ხელისუფლება ამბობს, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემის შესახებ, მაგრამ ამ ცვლილებისთვის ძალიან ცოტა დრო რჩება. მოქალაქეებს გვაქვს განცდა, რომ ეს ფორმატი მიზანს არ ემსახურება, საზოგადოებას ილუზიით კვებავს და ახალი იმედგაცრუებისთვის სწირავს მას, რასაც არჩევნების ლეგიტიმურობის მიმართულებით დამატებითი კითხვები და საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზება მოჰყვება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არა მხოლოდ გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს და უფრო წარმომადგენლობითს გახდის პარლამენტს, არამედ გახდება მოტივატორი სამოქალაქო ჯგუფებისთვის, ჩაერთონ პოლიტიკაში, დაადაბლებს პოლარიზაციის ხარისხს და გააჩენს რწმენას, რომ ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული პარტიების თუ მათი არაფორმალური მმართველების პირადი ინტერესები.

NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობა უარყოფითად აფასებს პარლამენტის მუშაობას, არ მოსწონს, რა მიმართულებითაც ვითარდება ქვეყანა და მხარს უჭერს პროპორციულ არჩევნებს. საზოგადოების ამ დაკვეთას უერთდებიან საქართველოში მოქმედი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური სპექტრი.

გვინდა გთხოვოთ, დაეხმაროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რათა ქვეყანამ მყარი ნაბიჯები გადადგას დასავლეთისკენ, დემოკრატიისკენ, თავისუფლებისკენ და ეკონომიკური აღმავლობისკენ, რისი მიღწევაც პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია. გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა დაარწმუნოთ მმართველი პარტია, შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა და მიიღოს სამართლიანი საარჩევნო სისტემა“,-ნათქვამია ღია წერილში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,791 ნახვა
%d bloggers like this: