კლარა დობრევი: ყველას მოვუწოდებ აქტიური კომუნიკაციისკენ – ასეთია ევროპარლამენტის პოზიცია

“ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ და ზოგადად, ევროპარლამენტი, პასუხისმგებელია მეზობელ ქვეყნებში და განსაკუთრებით საქართველოში, მშვიდობისა და დემოკრატიის ხარისხის შენარჩუნებაზე”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტმა კლარა დობროევმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის დიალოგის საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგის გარეშე ნებისმიერი სიტუაცია ჩიხში შესვლით მთავრდება. 

“მსოფლიოში მიმდინარე აქტიური პოლიტიკური ძვრების ფონზე, როგორც ეს ამჟამად მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ხდება – მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთმანეთთან საუბრის, დიალოგის პასუხისმგებლობა უნდა ამოძრავებდეთ. დიალოგის გარეშე ნებისმიერი სიტუაცია ბოლოს მაინც ჩიხში შესვლით მთავრდება და ამის უამრავი მაგალითი აქვს შემონახული ისტორიას. ორმხრივი კომუნიკაციის გარეშე ქორწინება ინგრევა, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფოზე. ამრიგად, ყველას მოვუწოდებ აქტიური კომუნიკაციისკენ. ასეთია ევროპარლამენტის პოზიცია“, – აღნიშნა ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტს შეუძლია შუამავლის როლი შეასრულოს და შეხვედრების ინიციატორი იყოს.

„იმის გარკვევა კი არ არის მნიშვნელოვანი, ვინ იყო კარგი და ვინ ცუდი, არამედ, იმის, თუ ვინ არის მომავალზე ორიენტირებული. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორია ამა თუ იმ მხარის ხედვა პრობლემების, კონფლიქტების გადასაჭრელად. ევროპარლამენტს შეუძლია შეასრულოს შუამავლის როლი, იყოს შეხვედრების ინიციატორი. მერწმუნეთ, უამრავი ქვეყანაა, სადაც კონფლიქტები გაცილებით მწვავე ფაზაშია შესული, ვიდრე ეს საქართველოშია. თუმცა, რაღაცნაირად, ისინი მაინც ახერხებენ არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას. ამიტომაც, მოვუწოდებ ევროპარლამენტს, გახდეს შეხვედრებისა და ზოგადად, დიალოგის ფასილიტატორი და ხელი შეუწყოს მხარეთა შორის კომპრომისის მოძიებას. ხოლო, თუკი მაინც დარჩება ბუნდოვანი და გაურკვეველი რაიმე საკითხი – ერთად მივმართოთ ყველა ღონეს, გავხსნათ ყველა საქმე და ხელი შევუწყოთ დიალოგის უწყვეტ მსვლელობას“, – განაცხადა ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტმა.

კლარა დობრევს დღეს, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები შეხვდნენ, რომლებიც სტრასბურგში ასოცირების კომიტეტის მეცხრე სხდომის გახსნამდე, ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: