სუდანი მზად არის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს

სუდანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყნის ექსპრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი სისხლის სამართლის  საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.

„სამართლიანობა არ აღდგება, თუ ჩვენ ჭრილობებს არ მოვიშუშებთ“,-განაცხადა მუჰამეს ხასან ალ-ტაიშიმ, სუდანის ხელისუფლების წარმომადგენელმა. ალ-ბაშირის გარდა, საერთაშორისო სასამართლოს გადასცემენ კიდევ სამ ადამიანს, რომლებიც სამხედრო დანაშაულში არიან მხილებული.

ამასთან, თვითონ სასამართლოში ჯერ არ ადასტურებენ სუდანის ექსპრეზიდენტის გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. „ჩვენ თვალს ვადევნებთ ალ-ბაშირთან დაკავშირებული სიახლეებს. ჩვენი მხრიდან, ჯერ არაფერს ვადასტურებთ“,-აცხადებენ საერთაშორისო სასამართლოში. 

ომარ ალ-ბაშირი ხელისუფლების სათავეში 1989 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა, 2019 წელს, გადატრიალების შედეგად, სამხედროებმა ის თანამდებობიდან გადააყენეს. ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ ჯარმა ძალაუფლება აიღო ხელში და დროებით სამხედრო საბჭო შექმნა. ახალი გარდამავალი ხელისუფლება მუშაობას 2019 წელს შეუდგა. დაითხოვა პარლამენტი და შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება. 2019 წლის დეკემბერში სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში დამნაშავედ ცნო და 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 ალ-ბაშირს ბრალს სდებენ გენოციდსა და სამხედრო დანაშაულში, რომელიც 2003 წელს, ქვეყნის სამხრეთით, ეთნოკონფლიქტის დროს ჩაიდინა. მაშინ შეიარაღებულ კონფლიქტს 300 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. 

საერთაშორისო სასამართლომ სუდანის ექსპრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი 2009 წელს გამოსცა. ომარ ალ-ბაშირი პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც ჰააგაში ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: