რუსეთში კორონავირუსის გამო კარანტინში მოთავსებული ქალი გაიქცა

პეტერბურგში მცხოვრები ქალი, რომელიც ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ 2-კვირიან კარანტინში მოათავსეს, სამედიცინო დაწესებულებიდან გაიქცა.

როგორც ჯანდაცვის საქალაქო კომიტეტში აცხადებენ, ქალისთვის ცნობილი იყო, რომ 2 კვირის განმავლობაში, კორონავირუსის გამო, მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, თუმცა პაციენტმა თვითნებურად მიატოვა საკარანტინო სივრცე და ამიტომ, ქალაქის ხელისუფლებამ პოლიციას მიმართა.

ქალს ადმინისტრაციული წესით, პასუხისმგებლობა დაეკისრება, რაც ჯარიმას გულისხმობს. 

გაქცეული პაციენტი აცხადებს, რომ საავადმყოფოში მოხვედრის მომენტში ანალიზები სუფთა ჰქონდა, ამასთან, ჰოსპიტალიზაციისას მოატყუეს, რომ კარანტინში მხოლოდ 1 დღე იქნებოდა. 

რუსული მედიის ცნობით, ქალი საავადმყოფოში მას შემდეგ მოხვდა, რაც ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ, 4 თებერვალს სასწრაფო გამოიძახა. 7 თებერვალს პაციენტი დაბნელებას დაელოდა, გატეხა ელექტრონული საკეტი იზოლირებულ ბოქსში და გაიქცა. ამის შემდეგ ქალმა ვიდეო ჩაწერა, სადაც „თანასაკნელებს“ გაქცევის სქემა გაანდო. 

Facebook Comments
%d bloggers like this: