არჩილ თალაკვაძე: არავითარი კომპრომისი და დათმობა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება

„რუსეთი ახორციელებს უკანონო ოკუპაციას და ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, სადაც შევხვდებით მის წარმომადგენელს, ჩვენი პოზიციები იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი“, – ამით პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც მაისში თბილისში უნდა გაიმართოს. 

„როგორც იცით, საქართველომ ჩაიბარა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ თავმჯდომარეობის ფარგლებში გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, რომ ევროპის საბჭოს სამუშაო პროცესი უზრუნველყოს ისე, როგორც წინა თავმჯდომარე ქვეყანამ. ეს არის დადგენილი პრაქტიკა და რა თქმა უნდა, ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ითვალისწინებს. 

არავითარი კომპრომისი და დათმობა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. ბატონ ლავროვთან და რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებით, პირველი განცხადება ჩვენ გავაკეთეთ. კარგად ვიცით, რომ რუსეთი ახორციელებს უკანონო ოკუპაციას და ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, სადაც შევხვდებით მის წარმომადგენელს, ჩვენი პოზიციები იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი.

რაც შეეხება ამ შეხვედრის ჩატარებას, ჩვენ ევროპის საბჭოსთან, საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა ფორმატით ჩატარდება ის. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ინტერესები და კანონმდებლობა იქნება დაცული და ჩვენ ასევე შევასრულებთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: