გია ვოლსკი ნიკა მელიაზე: არ შეიძლება გამტყუნებული ადამიანი დეპუტატის მანდატს ატარებდეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის დეპუტატის მანდატის შენარჩუნება რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა.

“რეგლამენტი პირველი გამამტყუნებელი განაჩენისთანავე იმუნიტეტის მოხსნას ითვალისწინებს. ვინაიდან, არ შეიძლება გამტყუნებული ადამიანი დეპუტატის მანდატს ატარებდეს. თუკი სხვა ინსტანციამ გაამართლა შეიძლება აღიდგინოს თავისუფლებები ან მიიღოს სრული კომპენსაცია განაცდურისათვის,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. მას სადეპუტატო უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყდა. მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.

მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ბანკი “ქართუს” გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: