ნიკა მელიას საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლომ მასთან მიმართებაში სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მელიას, ასევე აინტერესებს აღნიშნულ ორგანოში თუ რა დოზით არის შესული ოლიგარქის გავლენა.

“ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი და პირდაპირ ვიტყოდი, რომ აუცილებლად იქნება სარჩელი დაკმაყოფილებული, რომ არ მქონდეს ინფორმაცია რამდენად გავლენის ქვეშ ექცევა თითქმის ყველა კონსტიტუციური და ადმინისტრაციული ორგანო.  უნდა ვთქვა, რომ პირადად არანაირი შეხება არ მქონია საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მართლაც მაინტერესებს რა დოზით არის აქ ოლიგარქის გავლენა შემოსული. სააკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ნიკა მელიას უნდა აღუდგეს პარლამენტის უფლებამოსილება მანამ სანამ არ იქნება იმ გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურები ამოწურული,  რომლის საფუძველზეც მე პარლამენტიდან გამომაგდეს. ვგულისხმობ სანამ მე, მეორე და მესამე ინსტანციაში არ გავასაჩივრებ იმ გადაწყვეტილებას ჯარიმის ნაწილში, კანონიერ ძალაში შესულად ეს გადაწყვეტილება არ ითვლება, მაგრამ მიუხედავად  ამისა “ქართულმა ოცნებამ” კენჭი უყარა და 88 დეპუტატმა პარლამენტი სრულიად უკანონოდ დამატოვებინეს სრულიად უკანონოდ. ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია აღმიდგინოს კონსტიტუციური უფლება არის ეს ორგანო. მოსამართლეებმა დღეს უნდა მითხრან, “კი ბატონო ხარ მართალი, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ” წინააღმდეგ შემთხვევაში ორჯერ ორი ოთხი გადაწყვეტილება აქვთ მისაღები”, – განაცხადა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ნიკა მელიამ.

კითხვაზე, როგორია მისი მოლოდინი და ხომ არ ელოდება დაკავებას, მელია პასუხობს, რომ “ამას ახლა ნაკლებად ფიქრობს”.

“ბიძინა ივანიშვილმა დევნა ნორმად აქცია და ამას ახერხებს. დაველოდები რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილის სასამართლო”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, 12 დეკემბერს  ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.  მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ბანკი “ქართუს” გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: