რამდენიმე წლის წინ, 14 თებერვალს მომდის მესიჯი: თეო, რას შვები, საღამოს ყავა ხომ არ დაგველია?

ძალიან ბევრი ვიფიქრე, გამეზიარებინა თუ არა თქვენთვის ეს ამბავი და რადგან დღეს 14 თებერვალია, მოდი, გამონაკლისს დავუშვებ და მოგიყვებით,-წერს თეო გონგლაძე საკუთრა ბლოგზე „Beauty You • თეოს ბლოგი“.

 „ამბავი ხდება რამდენიმე წლის წინ.

 მოკლედ, კვირა დილაა. წინა დღეს გოგოებთან ერთად ვიყავი გასართობად გასული და ისეთი დაღლილი ვიღვიძებ, დედამიწის ზურგზე არაფერი არ მინდა. თან საშინლად მოღუშულ-მოღრუბლული ამინდი იყო. მაკიაჟის მოშორებაც კი დამეზარა წინა ღამით და ტუშისგან და თვალის ფანქრისგან თვალები მაქვს გაშავებული, თმა აწეწილი, ვწევარ და ადგომა მეზარება.

 ჰოდა, ამ ამბავში ვარ, რომ მომდის მესიჯი: თეო, რას შვები, ამ საღამოს ყავა ხომ არ დაგველია?

 წამიერად გადაიწმინდა ცა, გამოანათა მზემ, ირგვლივ ყველაფერი გაფერადდა, რაღაც არაადამიანური ენერგია მომაწვა და ზამბარასავით წამოვხტი საწოლიდან. სანამ მესიჯს ვუპასუხე, ჩემს მეგობარ მარინეს მივწერე, მიშველე-მეთქი! ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ორკაციანმა ჯგუფმა დილიდან დაიწყო მუშაობა!

 დავრეკე სალონში, ჩავეწერე თმის დავარცხნაზე, მეორე სალონში – ფრჩხილების მოწესრიგებაზე. გამოვალაგე მთელი გარდერობი, ვიქექები ტანსაცმელში, ცალკე მარინე მყავს ხაზზე, კონსულტაციებს გავდივარ, რა ჩავიცვა, მოკლედ, მთელ ამბებში ვარ. ისეთ განცდებში ვიყავი, საჭმელიც კი ვერ ვჭამე მთელ დღეს. გავვარდი, დავივარცხნე თმა, ფრჩხილები მოვიწესრიგე, ავიკარი გუდა-ნაბადი და გავვარდი მარინასთან, რომ იქ მაკიაჟი გავიკეთო და საღამოს გავშრიალდე.

 გავედი მარიკასთან და დავიწყე ცქმუტვა, თან ტელეფონს ვუყურებ, ველოდები დაგეგმილი შეხვედისწინა მესიჯს, რომ აი, თეო რას შვები, რა დროს გამოხვალ და ა.შ. ამასობაში თვალზე ლაინერის წასმა დავიწყე. გოგოებს კარგად მოგვეხსენება, რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული თვალზე ლაინერის წასმა. ხან ზედმეტად გრძელი ხაზი გამომივიდა, ხან ძალიან მოკლე, ხან წარბზე ავისვი ეს ლაინერი, ხან მერცხლის კუდები გავაკეთე, ნუ აი ვეწვალები და სადღაც მეასე მცდელობისას, ჰოი საოცრებავ და ზუსტად ერთნაირად წავისვი ორივე თვალზე, მეთქი იეეეს, არიიიის!

ნუ კაი, ეს ლაინერი კი წავისვი, მაგრამ გახდა 8 საათი და არ მომდის მესიჯი. ვაჰ, ვფიქრობ, ალბათ, 9-ზე მომწერს. გახდა 9 საათი და ვზივარ გამოწკეპილი, ეს მესიჯი არა და არ მომდის. მოვიდა 10-ის ნახევარი, გახდა 10 საათი. ნელ-ნელა მოთმინების ფიალა მევსება, ჰოდა, ვფიქრობ, იქნებ, მოკვდა, არაფრით არ ვუშვებ იმ ფაქტს, რომ შეიძლება, დავიწყებოდა ან გადაეფიქრებინა ან რამე ეგეთი. მოკლედ, დაიწყო 11 საათი და ვფიქრობ, მოდი, მივწერ, მოვიკითხავ, იქნებ ფეხი მოტყდა ან თავი რამეს მიარტყა. მივწერე, რას შვები მეთქი. რავიცი თეო არაფერს, შენ რას შვებიო…

 ნუ აქ ღრმად ჩვისუნთქე, ქუსლაინი ფეხსაცმელი გავიძვრე ფეხიდან, ეს გაშლილი და გასწორებული თმა უკან გადავილაგე, მარიკა აქეთ მამშვიდებს და ლამის სულს მიბერავს, ჩქარ-ჩქარა მეუბნება, რომ სიმშვიდე შევინარჩუნო და როგორც ვიცი ხოლმე, ეგრევე არ ავფეთქდე. მეც ვცდილობ, გონებაში ამოტივტივებული შურისძიების თითოეული მეთოდი სადღაც ღრმად გადავისროლო და თავაზიანი და ქულ გოგოს როლი მოვირგო.

 ხოდა, წარმოიდგინეთ ახლა სიტუაცია, მთელი დღის უჭმელი, ათასსალონგამოვლილი, გადაპრანჭული, გადატყლარჭული, ქუსლებზე შემომხტარი, ნანერვიულები, მთელი განცდებით და სიხარულებით წარმოდგენილი, ვზივარ სავარძელში, თვალწინ გადამიარა მთელმა დღემ და ამ ვაჟბატონს ვწერ: რავი, მეც არაფერს, მთელი დღეა ვწევარ (ვწევარ-მეთქი ხალხო!!!), კარგად დავისვენე. და ის იქიდან მიგზავნის გულებს!!!!

გაგრძელება ის იყო, რომ მე და მარინემ გამოვიძახეთ ხინკლები და კარგად გადავირტყით )))

 ​ალბათ, გაინტერესებთ, რა გაგრძელება მოყვა ამ ამბავს მერე – არანაირი არაფერი!“

#BeautyYou #თეოსბლოგი

Facebook Comments
%d bloggers like this: