ხატია ბუნიათიშვილის დის პასუხი – დარწმუნებული ვარ, ზვიად გამსახურდია და ხატია დამეგობრდებოდნენ

თუკი მუსიკოსის სიღრმეს და განათლებას მისდამი მიძღვნილი ლექსებით განსაზღვრავთ, მაშინ დაგამშვიდებთ და გაგახარებთ, რომ ხატიას გიდონ კრემერმა წიგნი მიუძღვნა, თომას მანის შვილიშვილმა მისი წიგნის ერთი თავი, და არ ჩამოვთვლი სხვა ნაწარმოებებს, როდესაც რეჟისორები მისი ინსპირაციით ფილმებს იღებენ და მხატვრები თუ პოეტები მას ჩანახატებს უძღვნიან,- ასეთი კომენტარით პასუხობს პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის და, გვანცა ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში მანჩო გიორგობიანის პოსტს, რომელმაც ელისო ვირსალაძისადმი ზვიად გამსახურდიას მიერ მიძღვნილი ოდა გაიხსენა.

მისი თქმით, გამსახურდია რომ ცოცხალი ყოფილიყო, ის და ხატია დამეგობრდებოდნენ და ბევრ საინტერესო თემებზე ისაუბრებდნენ.


„სამწუხაროდ, ზვიადი რომ გარდაიცვალა ხატიას ფეხი ახალი ადგმული ქონდა, თუმცა უკვე კითხულობდა და არა საბავშვო ლიტერატურას, მისი ტვინი და ინტელექტი მის ასაკს ბევრად წინ უსწრებდა. ზვიადს ცოტა მეტი სიცოცხლე რომ დასცლოდა, დარწმუნებული ვარ, დამეგობრდებოდნენ და ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრებდნენ. ჯერ კიდევ 10 წლის ხატია მისი ბავშვობის ერთ-ერთ რთულ პერიოდს ზვიადის მამის, კონსტანტინეს დავით აღმაშენებელის 4 ტომეულით იქარვებდა. ნამდვილად დასანანია, რომ ეს ადამიანები არ გადაეკვეთნენ ერთმანეთს.

ელისო, სამწუხაროდ, სუბიექტურია ხატიას წინაშე. მან ძალიან კარგად იცის ხატიას რა განათლება აქვს მიღებული. მაგრამ ის ნაწყენია, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერმა და პერსპექტიულმა სკოლის მოსწავლემ სწავლის გაგრძელება ჯერ თბილისის კონსერვატორიაში გიზი ამირეჯიბთან გადაწყვიდა და შემდეგ ვენის უნივერსიტეტში ოლეგ მაიზენბერგთან. ეს წყენა დღემდე ვერ დავიწყებია, როგორც ჩანს. მისი კომენტარი განათლებასთან დაკავშირებით პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს მის კოლეგებს, მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ მაესტრო გიზი ამირეჯიბს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პროფესორ ოლეგ მაიზენბერგს, რომ არაფერი ვთქვათ ხატიაზე. აბა, განათლების საზომი რა არის, ეს მხოლოდ სულელმა თუ იცის და ამას როგორ დავწამებ?
მე, კი მწყინს “მეტრისგან” სუბიექტური შეფასება. მაგრამ თქვენ მართალი ხართ, ეს არ იყო შეფასება, ეს იყო მისი უცაბედი რეაქცია ხატიას სახელი და გვარის გაგონებაზე.

თქვენიც მესმის, ელისოს მიმართ (მისი ინტერვიუდან გამომდინარე) უარყოფითი ემოციების ტალღის გამო ცდილობთ მის დაცვას. მეც იგივე რეაქცია მქონდა, რაც არ უნდა იყოს, დაჩაგრულის დაცვა ინსტიქტურად მინდება. თქვენ წარმოიდგინეთ და ამ ინტერვიუს შემდეგ, საბოლოოდ, დაჩაგრული ელისო გამოვიდა. ძალიან ვწუხვარ“,-წერს გვანცა ბუნიათიშვილი მანჩო გიორგობიანის ფეისბუქ-გვერდზე.

შეგახსენებთ, ქართველმა პიანისტმა ელისო ვირსალაძემ თავის კოლეგაზე, ხატია ბუნიათიშვილზე ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც აკეთებს, საშინელებაა.

Facebook Comments
%d bloggers like this: