ვოლოდიმირ ზელენსკი: არაკორექტულია იმის თქმა, რომ ომი უკრაინაშია – ომი ევროპაშია

არაკორექტულია იმის თქმა, რომ ომი უკრაინაშია – ომი ევროპაშია, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას უკრაინული ტელეარხი 112 ავრცელებს.

„მთლად კორექტული არ არის იმის თქმა, რომ ომი უკრაინაშია. ეს ომი ევროპაშია. ეს ომი ყირიმის ანექსიასთან ერთად უკვე იმდენი ხანი გრძელდება რამდენი ხან იც მეორე მსოფლიო ომი გრძელდებოდა. უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ბედნიერი იქნება, როდესაც საერთაშორისო ანგარიშებში მოხსენიებული არ იქნება, როგორც არაუსაფრთხოების ზონა.

„თუმცა, ეს მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც დონბასში მდგრადი მშვიდობა დაისადგურებს და უკრაინა აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის დიალოგი აწარმოოს დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობასთან, თუმცა არა ამ ტერიტორიების ე.წ. ხელისუფლებასთან.

2020 წლის მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენცია 14-16 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაცია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მონაწილეობს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: