თემურ აბაზოვი – ალახვერდიევი არის თავად მოძალადე და მატყუარა, ექვსივე ცოლზე ძალადობდა

ალახვერდიევი არის ადამიანი, რომელიც თავის 6-ვე ცოლზე ძალადობდა და მე-6 მეუღლის განცხადება ახლაც პოლიციაშია გაუპატიურებაზე,-ამის შესახებ მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა.

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული თემურ აბაზოვი, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, აცხადებს, რომ ალახვერდიევი მატყუარაა, მან შარდის წასმასთან დაკავშირებით, სპექტაკლი დადგა, რადგან მერი მას არ შეხვდა.

„ის არის თავად მოძალადე და მატყუარა, ადამიანი, რომელსაც ხშირად შეჰქონდა საჩივარი სხვადასხვა ადამიანებზე, შემდეგ ბოდიშს იხდიდა და უკან მიჰქონდა. ის თითოეულ ნაბიჯზე იტყუებოდა. ჩემს შემთხვევაში არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ მას ვემუქრებოდი, ან შეურაცხყოფა მივაყენე. როცა იძახდა, რომ მე მივაწოდე ჭიქა, იმ ჭიქაზე ჩემი თითის ანაბეჭდები არ ამოვიდა. სახეზე შარდი წამისვაო რომ იძახის, აიღეს სახიდან ნიმუში, საიდანაც არ დადგინდა, რომ სახეზე ან ტანსაცმელზე ჰქონდა შარდი“,-აცხადებს მარნეულის ყოფილი მერი. 

მისი თქმით, იმ ადგილზე, სადაც ალახვერდიევის მიერ გავრცელებული ვიდეოა ჩაწერილი, ის საერთოდ არ იმყოფებოდა.

„მე ვარ უდანაშაულო, მე იმ ვიდეოს ჩაწერის დროს იქ არ ვარ და არ ვიცი, ვინ გააკეთებინა მას ეს, ან მართლა გააკეთებინა თუ არა. ვიდეოზე ჩემი საუბარი არ არის. წელიწადი და 8 თვე შესრულდა, 130-მდე მოწმე იქნა დაკითხული და არცერთი არ ამბობს, რომ მე იქ ვიყავი. ის ტერიტორია, როგორც შემდგომში გავიგე, არის რესტორნის მიმდებარე, სადაც მე მანამდე ვიმყოფებოდი, ის მოვიდა და აცხადებდა, რომ ბოდიშის მოხდა უნდოდა იმის გამო, რომ აქციაზე შემაგინა. მე არ შევხვდი და როგორც ჩანს, გავიდა რესტორნის უკანა ეზოში და დადგა სპექტაკლი.

მე არ ვარ დარწმუნებული, მოხდა თუ არა ეს ფაქტი. აქციაზე აბაზოვმა არა მხოლოდ ჩემს ოჯახს შეაგინა, არამედ ყველას, ვინც 41-ს მისცა ხმა. ამ ადამიანმა, რომელიც იყო გაბრაზებული, რომ არ მივიღე სამსახურში, შესაძლოა, ამ ფორმით გადამიხადა სამაგიერო. ადამიანი იყო დაინტერესებული, რომ ჩემთვის პრობლემა შეექმნა. 

ის ახლა ამბობს, რომ ჭიქაში ლუდი ესხა და ის წავისვიო, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა ესხა. მე იქ არ ვყოფილვარ. ჩემი დაკავება მოხდა მხოლოდ მისივე ჩვენების საფუძველზე იმის გამო, რომ საქმე იყო რეზონანსული. არსებობს მოწმე, რომელიც ამბობს, რომ თავად ალახვერდიევმა უთხრა, რომ ეს იყო სპექტაკლი. ამის შემდეგ ალახვერდიევი სასამართლოში აღარ გამოცხადდა, რადგან იძულებული გახდებოდა, სიმართლე ეთქვა“,-აცხადებს თემურ აბაზოვი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: