ახალგაზრდობის სააგენტო მილიონი ლარის საგრანტო კონკურსს აცხადებს

ახალგაზრდობის სააგენტო, რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით, 1 მლნ ლარის მოცულობის საგრანტო კონკურსს აცხადებს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოს „მილიონიანი ფონდი“ საქართველოს ათივე რეგიონზე თანაბრად განაწილდება და საერთო ჯამში, 20-დან 30-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, თითოეულ რეგიონში კი, 2-დან 3- ახალგაზრდულ ორგანიზაციამდე დაფინანსდება.

რეგიონული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის თემატიკა განსაზღვრულია. ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები, რომლებიც არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ, თუ კულტურულ ცხოვრებაში.

„ახალგაზრდული სფეროს რეფორმის ფარგლებში, დღეს გაიმართა ახალგაზრდობის სააგენტოს „მილიონიანი ფონდის“ პრეზენტაცია. წელს საპილოტე წელია და ჩვენი პრიორიტეტი არის რეგიონები, კონკრეტულად კი, რეგიონალური ახალგაზრდული ორგანიზაციები, შესაბამისად, საგრანტო კონკურსიც ცხადდება რეგიონალური მიმართულებით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ისე რეგიონში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს. მათ უნდა შემოიტანონ გრძელვადიანი, მდგრადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები. ერთჯერად და მოკლევადიან პროექტებზე გრანტი წელს არ გაიცემა“, – აღნიშნა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რევაზ ჩარკვიანმა.

ინიციატივა ახალგაზრდობის სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ევროპული მოდელით შეიქმნა და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას, რაც, საერთო ჯამში, ქმნის ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას. კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში ახალგაზრდობის სააგენტოს რეგიონული საინფორმაციო ტურნე გაიმართება და ჩატარდება ინდივიდუალური საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, რის შესახებაც წინასწარ დაანონსდება ახალგაზრდობის სააგენტოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. ამავე გვერდზე, ახალგაზრდობის სააგენტო თემის ირგვლივ დასმულ ყველა კითხვას უპასუხებს.

კონკურსი 2020 წლის 24 თებერვლიდან დაიწყება, საკონკურსო წინადადებების შემოტანა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 25 დღის განმავლობაში, 31 მარტის ჩათვლით შეეძლებათ, ახალგაზრდობის სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე: Youthplatform.gov.ge.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: