გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ხვალ პარლამენტთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხვალ, 18 თებერვალს ოპოზიცია პარლამენტთან პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენის პარალელურად, საპროტესტო აქციას გამართავს.

როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, აქცია დილით 10 საათზე დაიწყება.

„ჩვენ ხვალ გვექნება მშვიდობიანი საპროტესტო ღონისძიება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 10 საათზე დაიწყება. ეს არის გარკვეულწილად გამაფრთხილებელი აქციები. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ვერცერთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს „ქართული ოცნება“ მშვიდად და აუღელვებლად ვერ ჩაატარებს. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ შოთაძე ჩვეულებრივი მსახურია „ოცნების“ იმ რეჟიმის, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში და მას უკან აბრუნებენ ერთადერთი რამის გამო – ის არის ერთგული პირადად ივანიშვილის, ის არის ერთგული „ქართული ოცნების“ ლიდერების და ყველა დაკვეთის და დავალების შესრულება შეუძლია. თუ ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ მიდის სწორად ეს პროცესი, უნდა მივიდეთ აქციაზე, მშვიდობიანი პროტესტი ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომელიც ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, როცა „ქართული ოცნება“ ოქტომბერში არჩევნებს წააგებს, შოთაძეს განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოუწევს.

„შოთაძე იქნებოდა თუ ნებესმიერი სხვა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ოქტომბერში არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ ყველა ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, თვითონ დაწერს განცხადებას და წავა სამსახურიდან. ერთხელ უკვე გადადგა შოთაძე, არც მეორე ვადა ექნება ხანგრძლივი”, – აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. ხვალ კი ის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგება.

Facebook Comments
%d bloggers like this: