რატი იონათამიშვილი ირაკლი შოთაძეს: რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს

რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და საჭიროებებს მოხმარდეს, – ამ კითხვით გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მიმართა. 

მისი თქმით, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებში ძირითადად საუბარია დროზე, პროცედურებზე, მაგრამ არავინ სვამს კითხვას და არ საუბრობს იმ ძირითად შინაარსობრივ ნაწილზე, თუ სად გაიფლანგა 48 მილიონი ლარი, რომლის ფაქტი უკვე დაადგინა ქართულმა სასამართლომ. 

რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, 48 მილიონი ლარიდან 14 მილიონი ლარი დახარჯულია „ნაციონალური მოძრაობის“ პარტაქტივის სახელფასო ხარჯზე, ხოლო დანარჩენი 34 მილიონი ლარი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ინტერესებს მოხმარდა.

„არავინ კითხულობს, სად წავიდა ის თანხა და რას მოხმარდა, რომლითაც არაერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამა და პროექტი შეიძლებოდა დაფინანსებულიყო თბილისის ბიუჯეტიდან. შეგახსენებთ და საზოგადოებასაც მინდა შევახსენო, რომ საუბარია 2011-12 წლებზე. ეს ის პერიოდია, როდესაც ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება უარს ამბობდა ისეთი ჯანდაცვის და სოციალური სერვისების და პროგრამების დაფინანსებაზე, როგორიცაა თუნდაც ონკოლოგიური პროგრამები, აუტიზმის პროგრამა, რომელიც ამ რესურსით გაცილებით ადრე შეგვეძლო თურმე დაგვეწყო და კიდევ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენი ქალაქისა და თითოეული თბილისელისა თუ თბილისის სტუმრის კეთილდღეობისთვის. ჩემი ინფორმაციით, 48 მილიონი ლარიდან 14 მილიონი ლარი დახარჯულია „ნაციონალური მოძრაობის“ პარტაქტივის სახელფასო ხარჯზე, ხოლო დანარჩენი 34 მილიონი ლარი მოხმარდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ინტერესებს. არ ვარ იურისტი, თქვენ შეიძლება უფრო კვალიფიციური პასუხი გამცეთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მე როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს ნამდვილად არ მიჩენს იმის განცდას, რომ სამართლიანობა დადგინდა, თუნდაც როცა 1 ან 4 ადამიანის დანაშაული გამოიკვეთა, მაშინ როდესაც 48 მილიონი არის ისე გამქრალი ჩვენი ჯიბეებიდან, ეს არის ქართველი ხალხის და გადასახადის გადამხდელების ფული, რომელიც უპატიოსნო მოხელეებმა და პარტიის წევრებმა გაინაწილეს და მოიხმარეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ის დრო ენატრება და ისევ უნდა პირადი კეთილდღეობისთვის მილიონების ხარჯვა. 

„ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის, ნამდვილად არ არის საკმარისი ის, რომ რამდენიმე ადამიანის დანაშაული გამოიკვეთოს მაშინ, როდესაც ეს ადამიანები დღეს კიდევ მაღალ მატერიებსა და სამართლიანობაზე გველაპარაკებიან, ასე უპასუხისმგებლოდ და დანაშაულებრივად ექცეოდნენ ჩვენი ქვეყნის დოვლათს, ჩვენი მოქალაქეების ნაოფლარს, ნაშრომს და საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის იყენებდნენ და ხარჯავდნენ მათ. მათ ეს დრო ენატრებათ და ისევ უნდათ, 48 მილიონი ლარი და კიდევ უფრო მეტი დახარჯონ პირადი კეთილდღეობისთვის. ამიტომ აღარ ვსაუბრობ იმ 4,5 მილიარდზე, რომელიც 2008 წლის შემდეგ, საქართველომ მხარდაჭერის სახით ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო, სად გაქრა არ ვიცით დღეს და სად წავიდა, ვის და რას მოხმარდა 4,5 მილიარდი ლარი, ამაზე აღარ ვსაუბრობ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: