აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზზე სიტუაცია გამწვავდა

უკრაინის სამხედრო ძალების დონბასის შტაბში განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთი ფრონტის ხაზზე ვითარება მკვეთრად გამწვავდა.

უკრაინელი სამხედროების თქმით, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ“ (რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებები) შეტევა განახორციელა ნოვოტოშკოვსკოეს, ორეხოვოს, კრიმსკოეს და ხუტორ ვოლნის დასახლებების მიმართულებით. ეს დასახლებები სოფელ ზოლოტოეს მახლობლადაა განლაგებული, სადაც 2019 წელს „ძალთა დაშორება“ განხორციელდა.

უკრაინული შტაბის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა „მინსკის ხელშეკრულებით“ აკრძალული იარაღი გამოიყენეს, მათ შორის 120 მმ. კალიბრის ნაღმმტყორცნები და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები. სეპარატისტები ფრონტის ხაზის გადალახვას ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა შეტევა მოიგერიეს და თავიანთ პოზიციებზე კონტროლი შეინარჩუნეს. შეტაკებების შედეგად 1 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 4 დაიჭრა. დანაკარგებია სეპარატისტების მხარესაც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს „ცინიკური პროვოკაცია“ და დონბასში სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობა უწოდა, რომელიც მცირე, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯებით მიიწევს წინ. მისი განცხადებით, ხელისუფლების კურსი აგრესიის მოგერიება და კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაა.

Facebook Comments
%d bloggers like this: