Advertisements
პოლიტიკა

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი – არასწორია არგუმენტი, რომ რადგან საარჩევნო წელია, ჩადენილი დანაშაული არ გამოვიძიოთ

არასწორია არგუმენტი, რომ რადგან საარჩევნო წელია, ჩადენილი დანაშაული არ გამოვიძიოთ, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ყველა სასამართლო გადაწვეტილება მიღებული უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური გათვლის გარეშე. შეიძლება, ზოგი გამოძიება არჩევნების წელს ჩატარდეს და შეიძლება, ზოგჯერ სადავო დაპატიმრება მოხდეს. მაგრამ ეს ყველაფერი საქმის დეტალებს უნდა ეფუძნებოდეს. ამ კონკრეტული განაჩენის შემთხვევაში კითხვები ჩნდება. ეს არა მხოლოდ ჩემი რეაქციაა, არამედ ბევრი სხვა ადამიანის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ამერიკის კონგრესიდან, ევროპელი მაღალჩინოსნებისა და სხვა დასაფასებელი ადამიანებისგან“, – განაცხადა ჰოლ ჰოლმა.

მისი თქმით, არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა და დანაშაული უნდა გამოიძიონ, თუმცა მნიშვნელოვანია ვისი საქმის გამოძიება ხდება, რა გარემოებებში, რა არის კონტექსტი და რამდენად სუფთა და გამჭვირვალეა პროცესი.

„ის, რასაც ვხედავ, ისაა, რომ გაჩნდა შეშფოთებები გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მან სასჯელი ერთხელ მოიხადა მსგავს ბრალდებებზე. მეორე ისაა, რომ არსებობს კითხვები უზენაესი სასამართლოს წევრების მიმართ, რომლებმაც ეს განაჩენი გამოიტანეს და მათ კავშირზე საქმის ისტორიასთან. მესამე ისაა, რომ თავად არ ესწრებოდა სასამართლოს, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მხარეების არგუმენტები შეფასდეს. ანუ, პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს“, – აღნიშნა დიპლომატმა.

ყოფილი ელჩის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია დაკავების დროის გათვალიწინება. „ცხადია, რომ მთავრობა ერთგვარი ზეწოლის ქვეშაა იმის გამო, რომ ვერ მოახერხა პროპორციული არჩევნების დაწესება 2020 წლის არჩევნებისთვის. საზოგადოებაში ამან საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ოპოზიცია კი ამის გამო მათ წნეხის ქვეშ აქცევს. უგულავას დაპატიმრებით ის დიალოგი შეჩერდა, რომელითაც მხარეები საერთო გამოსავლის მონახვას ცდილობდნენ. საინტერსოა, რომ მთავრობისთვის ამან საწინააღმდეგო ეფექტი გამოიღო და მის წინააღმდეგ მანამდე ფრაგმენტირებული ოპოზიცია გააერთიანა. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ პოლიტიკურად არ იყო გონივრული, არამედ ის საკმაოდ უკუპროდუქტიულიც გამოდგა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას ოპოზიციის გაჩუმება სურს“, – განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.

Facebook Comments
Advertisements

ავტორის შესახებ

Info Postalioni

Featured