პრემიერი: დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზრდება

“წელს, დაცული ტერიტორიების ფართობი 100 000 კვადრატული მეტრით გაიზრდება”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ, ეს გახლავთ – დაცული ტერიტორიების გაფართოება. მოგეხსენებათ, 2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 9.6 %-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს 100 000 ჰექტარით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა”,- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ურუშეთის ეროვნული პარკი, რომელიც სასაზღვრო ზონაშია და ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, ისე წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის.

“ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან არეალს, სადაც ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას”,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა დღესვე, მთავრობის სხდომაზე, ბორჯომი-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის 4 000 ჰექტარით გაფართოების შესახებ განაცხადა.

“ხდება ბორჯომი-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის გაფართოება 4 000 ჰექტარით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს უნიკალური ტერიტორია, რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს, კიდევ უფრო ეფექტურად შეძლებს სახეობების შენარჩუნებას. კონკრეტულად, საუბარია დერეფნების შექმნისთვის კავკასიური ირმის, კეთილშობილი ირმის და არჩვისთვის მცირე კავკასიონის დასავლეთის ქედებისკენ კორიდორის შექმნაზე. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია წითელი წიგნის ნუსხის ცხოველების გადასარჩენად”,- აღნიშნა პრემიერმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: