ყოფილი კორტების ტერიტორიაზე კორპუსის ნაცვლად სპორტული კომპლექსი აშენდება

ყოფილი კორტების ტერიტორიაზე კორპუსები აღარ აშენდება. ამის შესახებ ქალაქი მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობის შესახებ კომპანისთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და ახლა მერიაში მიწის ნაკვეთის გამოსატანად აუქციონი მზადდება. მერიის მთავარი პირობა ადგილზე სპორტული კომპლექსის მშენებლობაა.

„იქ უნდა მოეწყოს სპორტული კომპლექსი: 4 ჩოგბურთის კორტი, ერთი ღია ან დახურული საცურაო აუზი და სატრენაჟორო დარბაზი. ეს იქნება ცენტრი, რომლითაც ქალაქის მასშტაბით ყველა მსურველი ისარგებლებს.
ირაკლი, დროულად დაასრულეთ აუქციონის პირობების მომზადება, დროულად შეაფასეთ მიწის ნაკვეთი და უახლოეს პერიოდში, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს აუქციონი. მინდა შევთავაზო ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც კი სურვილი აქვს ასეთი კომპლექსის მშენებლობის, მიიღონ აუქციონში მონაწილეობა და განახორციელონ აღნიშნული პროექტი“, – განაცხადა კალაძემ. 

მისი თქმით, წინა ხელისუფლების მიერ ყოფილი კორტების ტერიტორიის გასხვისება სამარცხვინო აქტი იყო.

„წინა ხელისუფლებამ 2009 წელს კიდევ ერთი სამარცხვინო აქტი ჩაიდინა და საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული, ყოფილი კორტების ტერიტორია გაასხვისა. რა თქმა უნდა, იქ დაგეგმილი იყო კორპუსების მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქალაქი ეწინააღმდეგებოდა, პრივატიზაცია შედგა და ეს ტერიტორია კერძო ინვესტორის ხელში აღმოჩნდა. როდესაც მოვედით თბილისის მერიაში, მე პირობა მივეცი თბილისელებს, რომ სპორტული მოედნების ადგილზე არ აშენდება კორპუსები“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: