Advertisements
სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტი – ღვარძლის მასშტაბმა გამაოცა

ის ღვარძლი, რომელიც ამ ქვეყანაში ტრიალებს, ჩემთვის უცხო არ იყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მასშტაბმა გამაოცა,-ასე გამოეხმაურა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე აჟიოტაჟს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღის მილოცვას მოჰყვა.

მისი თქმით, მილოცვის თითოეულ სიტყვას ხელს აწერს და თუ ვინმეს გალანძღვის სურვილი აქვს, შეუძლია გალანძღონ, თუმცა თავადაც დარწმუნდებიან, რომ ამ სიტყვებში მიუღებელი არაფერია. 

„მილოცვა იყო ძალიან მშრალი, სურვილებიც კი არ ჩავწერეთ იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ, რა კუდს მოაბამდნენ. მე არ ვეხები ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ რა არის იმაში მიუღებელი, რომ მას ისევე, როგორც ჩვენს ერთ-ერთ გენერალურ სპონსორს „თიბისის“ და სხვა სპონსორებს ჩვენი მოკრძალებული მადლობა ვუთხრათ“,-აცხადებს გოჩა სვანიძე. 

ცნობისთვის, ფონდი „ქართუ“ რაგბის განვითარების პროგრამას უკვე 20 წელია აფინანსებს. ფონდის დაფინანსებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში აშენდა და აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების სარაგბო ბაზები. მხოლოდ თბილისში ფონდმა „ქართუმ“ რაგბის კავშირს 6 ბაზა აუშენა და გადასცა, რაც ჯამში 50 მილიონი ლარი დაჯდა. გარდა ამისა, რაგბის კლუბების ყოველთვიური დაფინანსება თითქმის 19 მილიონ ლარს მოიცავს. რაგბის განვითარებისთვის ფონდი „ქართუს“ წვლილი უკვე 200 მილიონ ლარს შეადგენს. სარაგბო ბაზების მშენებლობა გრძელდება, წელს ფონდი ზუგდიდში გეგმავს სარაგბო კომპლექსისა და სასტუმროს მშენებლობის დაწყებას. 

Facebook Comments
Advertisements