გოცირიძე: ვანო მერაბიშვილი 7-წლიანი პოლიტპატიმრობიდან თავაწეული და გაუტეხელი გამოვიდა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, როდესაც შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სიტყვა დამხობა გამოიყენა, ეს იყო ხატოვანი გამოთქმა.

დეპუტატი ირწმუნება, რომ ვანო მერაბიშვილს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა არ უგულისხმია.

“ვანო მერაბიშვილის განცხადების შინაარსი იყო, რომ ის აპირებს მონაწილეობას ამ რეჟიმის პოლიტიკური ხერხებით შეცვლაში. რაც შეეხება დამხობას, ეს არის ხატოვანი გამოთქმა. რა თქმა უნდა, ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა არის დამხობის ტოლფასი, ვინაიდან ქვეყნის ყველა კონსტიტუციური შტო არის უზურპირებული ერთი ადამიანის მიერ, ზღაპარში როგორც გველეშაპი დაეპატრონება წყალს, რომ აზის და არ აძლევს ცხოვრების საშუალებას ხალხს, დაახლოებით ასე დაეპატრონა ის ყველაფერს – პროკურატურას, სასამართლოს, პარლამენტს, ბიზნესს. ცვლილების და “ქართული ოცნების” პოლიტიკურ სანაგვეში გადაგდების ოქტომბრის თვე ხატოვნად შეიძლება შევადაროთ დამხობას. მას არ უთქვამს, რომ იარაღით აპირებს და ძალადობრივი გზით. პოლიტიკას აქვს თავისი ლექსიკა, არის უამრავი სინონიმი – შეცვლა, გაშვება, გაპანღურება, გაძევება, დამხობა. ესენი არის პოლიტიკური სინონიმები და გამოიყენება უფრო ნათლად საკუთარი აზრის წარმოსაჩენად”, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობას, თუ რომელ პარტიაში იქნება ის, გოცირიძე ამბობს, რომ ამის შესახებ მერაბიშვილი თავად ისაუბრებს.

“ვანო მერაბიშვილი თავაწეული და გაუტეხელი გამოვიდა 7-წლიანი პოლიტპატიმრობიდან. მან ძალიან ნათელი განცხადება გააკეთა საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესახებ, ის რჩება პოლიტიკაში. თუ ვინმეს ეგონა ვანო მერაბიშვილი ამ უკანონო პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკურ პენსიაზე გავიდოდა, ძალიან ცდება. თუ სად ხედავს ის თავის თავს, ამის შესახებ, როგორც თავად განაცხადა, იტყვის სულ მალე, ამიტომ, არ გვინდა გავუსწროთ მოვლენებს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დილით დატოვა.

ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა “მატროსოვის” ციხესთან განაცხადა, რომ 1 წელიწადში მოქმედი ხელისუფლება შეიცვლება.

Facebook Comments
%d bloggers like this: