დავით კირკიტაძე – ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებით ჯანსაღი ადამიანები არიან კმაყოფილი

ვანო მერაბიშვილი მზად არის ჩაერთოს ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ. პარტიულ კუთვნილებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ყოფილმა მაღალჩინოსანმა დავით კირკიტაძემ „ტვ-პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მერაბიშვილის გათავისუფლებით ჯანსაღი ადამიანები არიან გახარებული. 

„როგორც ყველა ჯანსაღი ადამიანი, მეც ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი თავისუფალია. ჩემი აზრით, ამით ყველა ჯანსაღი ადამიანი უნდა იყოს კმაყოფილი. მე ვისურვებდი, რომ არასდროს გვენახა, პოლიტიკოსები როგორ ტოვებენ საპატიმროს, ეს არ არის ნორმალური და ჩვენ ამას მივაღწევთ. პოლიტიკოსების და მათი ოჯახების დაჭერა ნორმალური არ არის“,-განაცხადა კირკიტაძეს.

მისი თქმით, იმისთვის, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა იყოს და არ ისმოდეს კითხვის ნიშნები, უნდა დაიშალოს არსებული სისტემა.

„მოხარული ვართ, რომ ვანო მერაბიშვილმა შეინარჩუნა სიმშვიდე და მხნეობა. მასზე ხორციელდებოდა არნახული ზეწოლა – ის გაყვანილი იქნა საპატიმროდან, იჯდა სამარტოო საკანში, მაგრამ ის მზად არის ჩაერთოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამომრჩეველი გადაწყვეტს, უნდა იყოს თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვანო მერაბიშვილის გამოცდილებას ჩვენ გამოვიყენებთ, ეს გამოცდილება არა მხოლოდ პარტიას, არამედ მთელ ქვეყანას სჭირდება.

პარტია დღეს სხვაა, თავმჯდომარეც სხვაა, თუმცა საქართველოს ყველა მოქალაქე ვაცნობიერებთ, რომ დღეს მთავარი გამოწვევა ბიძინა ივანიშვილია და იმისთვის, რომ ქართველმა ხალმა გაიმარჯვოს, საჭიროა ერთიანობა. დღეს ვნახეთ ქართული ოცნების წევრების სახეები, არა მგონია, გახარებულები იყვნენ. დღეს არავინ მსჯელობს, რეიტინგებზე, ოპოზიცია ერთმანეთს არ ვეჯიბრებით, ყველა ერთად ვსხედვართ მაგიდასთან და ამ მაგიდის გარშემო მივესალმები ყველას, ვინც სისტემის დემონტაჟში მიიღებს მონაწილეობას. ამ სისტემის შემოქმედი კი, ვანო მერაბიშვილი არ არის, არამედ ბიძინა ივანიშვილია, რომელიც მთავრობის წევრებად ნიშნავს თავის დაცვის წევრს, ადვოკატს, კბილის ექიმს და ასე შემდეგ.

სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ვეუბნებით, რომ ჩვენ არ ვიხსენებთ მათ წარსულს და ერთმანეთში კინკლაობა მხოლოდ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს“,-განაცხადა კირკიტაძემ.  

რაც შეეხება შსს-ს არქივში აღმოჩენილ მასალებს, ფარულ ვიდეოკადრებს, ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით, ის არ არის დარწმუნებული, რომ ეს მასალა ნამდვილად იქნა აღმოჩენილი, რადგან გამოძიება არ დაწყებულა.

„დღეს მატროსოვის ციხეში მჯდომი ადამიანები არიან პოლირპატიმრები და მათ ვაძლევ პირობას, რომ არასდროს არავინ აღარ გასამართლდება პოლიტიკური ნიშნით“,-აცხადებს კირკიტაძე. 

Facebook Comments
%d bloggers like this: