ბატონი გურამ ლაბაძე ერთი ცნობილი ბოროტმოქმედის დაკავების ამბავს იხსენებს…

Nusagi

ბატონი გურამ ლაბაძე…ერთი ცნობილი ბოროტმოქმედის დაკავების ამბავს გაიხსენებს….
გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში სამეგრელოში ვმუშაობდი ოპერმუშაკად. იმ პერიოდში, გვარს არ დავასახელებ, (მე ვიცი) და, მთელი სამეგრელო – აფხაზეთი ერთ მოუხელთებელ ყაჩაღს ჰქონდა აკლებული, რომელზეც საკავშირო ძებნა იყო გამოცხადებული…
ერთ დღეს მე და ჩემი ახალბედა მეწყვილე, გურამ შანიძე, გეგეჭკორის (მარტვილის) რაიონში პატრულირებას ვახორციელებდით. გურამი თბილისელი იყო, უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი წითელ დიპლომზე ჰქონდა დამთავრებული და ბრწყინვალე მომავალი ესახებოდა. მიუხედავად ამისა, მან ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მილიციაში დაიწყო მუშაობა და ჩვენს რაიონში გაამწესეს. აგვისტოს ცხელი დღე იყო და, ერთი სული გვქონდა, ჩრდილს შევფარებოდით. საჭეს გურამი უჯდა და, ერთ – ერთ შარაზე რომ გავედით, ჩვენ წინ მიმავალ, საშუალო სიმაღლის ოცდაათიოდე წლის ხშირწვერიან მამაკაცს მოვკარით თვალი, რომელსაც ზურგჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და ჩვენს შემხვედრად მოძრაობდა. მანქანა გავაჩერეთ და ვინაობა ვკითხეთ, თან მისი ზურგჩანთის შიგთავსითაც დავინტერესდით. ზურგჩანთის დათვალიერებას გურამი შეუდგა. იმ კაცმა რომ მითხრა – მონასტერში მივდივარ აღსარების ჩასაბარებლად და ზურგჩანთაში სახარება და ლოცვები მიდევსო, გურამს ვუთხარი – წამოდი-მეთქი. მაგრამ ჩემი ახალბედა მეწყვილე თაბახის ფურცელს ჩაჰკირკიტებდა, რომელზეც ძველი ქართულით ეწერა რაღაც ტექსტი. კითხვა რომ დაასრულა, გურამმა უცებ ხელბორკილები ამოაცურა, „მორწმუნეს” მაჯებზე ჩამოაცვა და ისე სწრაფად შეტენა მანქანაში, რომ პირდაღებული დავრჩი. მორწმუნეს წინააღმდეგობა არ გაუწევია და უხმოდ და გაუნძრევლად იჯდა მანქანაში…
– რა ხდება, არ მეტყვი? – ვკითხე გურამს. მან კი სიამაყით მომიგო, ეს ის ცნობილი ძებნილი ყაჩაღია, რომელმაც ნახევარი საქართველო აიკლოო….
როგორც გაირკვა, ძებნილს აღსარება ძველი ქართულით ჰქონდა დაწერილი და მამაოსთვის უნდა გადაეცა. წითელდიპლომიანმა გურამმა კი ადვილად წაიკითხა ეს ტექსტი და ძებნილი განყოფილებაში მივიყვანეთ. მას 15 წელი მიუსაჯეს. ხუთ წელიწადში გათავისუფლდა და შემდგომში მაღალი წოდების სასულიერო პირი გახდა. გურამ შანიძემაც კარგი კარიერა გაიკეთა – საკავშირო სამინისტროში ერთ – ერთ მაღალ პოსტზე დანიშნეს…

მამუკა მჭედლიშვილის ფეისბუქგვერდიდან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: