გიგლა ბარამიძე- აბსოლუტურად მიუღებელია, თუ ეს ადამიანი ოპოზიციის შეხვედრაზე წამოიტრაყება მაგიდასთან

ვანო მერაბიშვილი საქართველოში დარჩება, უცხოეთში წავა, თუ თავის სოფელში დაბრუნდება, ვერ გეტყვით, ნაკლებად მაინტერესებს, -ამის შესახებ  დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა, გიგლა ბარამიძემ „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ მერაბიშვილი ოპოზიციასთან ერთად მთავარ მომლაპარაკებლად მოგვევლინება, ეს სრულიად მიუღებელი იქნება.

„ვაკონკრეტებ, ჩვენი ერთობა ოპოზიციასთან მხოლოდ ერთმა საკითხმა განაპირობა, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება. შევეცდებით, ამ ერთი საკითხის გამო, ეს ერთობა არ დაიშალოს, მაგრამ თუ ეს ადამიანი გამოცხადდება, იქ დაჯდება და წამოიტრაყება მაგიდასთან, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იქნება. ბოდიშს გიხდით ამ სიტყვისთვის, მაგრამ ეს ლიტერატურული ტერმინია და ილია ჭავჭავაძის, ნინოშვილისგან წამოვიღე“,-განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

მისივე თქმით, თუ ვანო მერაბიშვილი რომელიმე პარტიას მიეკედლება, მას ამას ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ იმ მაგიდასთან მთავარი მომლაპარაკებელი არ უნდა იყოს.

„ამ შემთხვევაში ჩვენ კატეგორიულად გავემიჯნებით. მაგრამ თუ სადმე მოისურვებს ყოფნას, მაგრამ არ იქნება აქტიური და არ იქნება მომლაპარაკებელი, ამას ვერ ავუკრძალავთ. თუმცა, როგორც ჩანს, ის ისევ ლიდერობას აპირებს, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენი შეკრება და გაერთიანება იმ ერთი საკითხის გარშემო იმიტომ მოხდა, რომ დამხობების, შევარდნების, გამოვარდნების და ანტიკონსტიტუციური ქმედებების წინააღმდეგი ვართ და ის საარჩევნო სისტემა, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, საშუალება იძლევა, რომ ეს არ მოხდეს“,-აცხადებს გიგლა ბარამიძე.   

Facebook Comments
%d bloggers like this: