სოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სოფიო ქაცარავა დაინიშნა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

სოფიო ქაცარავამ 14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა, მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

16 ნოემბერს კი ქაცარავამ პარლამენტის წევრის მანდატიც დატოვა. „დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარმატებები ვუსურვო ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემს ქვეყანას!“ – წერდა სოფიო ქაცარავა „ფეისბუკზე“.

ქაცარავას გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ორი ელჩის დანიშვნის შესახებ იტყობინება. საბერძნეთის რესპუბლიკაში – დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკვე ოფიციალურად დაინიშნა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია.

Facebook Comments
%d bloggers like this: