ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს ჩინეთში, ირანსა და სამხრეთ კორეაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების კუთხით საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეშ რჩება.

თუმცა გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ზოგადად ვირუსთან დაკავშირებული რისკი მსოფლიოში მომატებულია.

“კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით აუცილებელია ყველა ქვეყანაში შესაბამისი გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმების განხორციელება.  თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის თავი ავარიდოთ ჩინეთში მოგზაურობას, მოგზაურობას ირანში, სამხრეთ კორეაში და სამწუხაროდ, იტალიასა და მისი ჩრდილოეთ ნაწილში. იგივე რეკომენდაციას იძლევა ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ასევე ამერიკის, რომ ჩინეთში მოგზაურობაზე გამოცხადებულია ე.წ. გაფრთხილების მესამე დონე”, – აღნიშნა გამყრელიძემ. 

მან მოსახლოებას კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწოდა, რომ დაიცვან ის წესები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა პირველვე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

“კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოსახლეობას კორონავირუსული ინფექციის რისკი მთელ მსოფლიოში მომატებულია, მათ შორის გამონაკლისი არც საქართველოა, რადგან ინფექციის შემთხვევები ჩვენთან ახლოს ფიქსირდება. ამიტომ ჩვენთანაც მზადყოფნის რეჟიმი უნდა იყოს უფრო მაღალი. მოსახლეობამ უნდა დაიცვას ის წესები და რეკომენდაციები, რასაც ჩვენ ვამბობთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირადი ჰიგიენის დაცვას, თავის არიდებას დიდი თავშეყრის ადგილებისგან. პირველივე სიმპტომები თუ გამოიკვეთება, მაღალი ტემპერატურა, ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ხველა, ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. თუ გაქვთ უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ისტორია მოგზაურობის ჩინეთში და სხვა დასენიანებულ ქვეყნებში, პირდაპირ უნდა მიმართოთ ინფექციურ საავადმყოფოს. პანიკას ნუ მივეცემით”, – განაცადა ამირან გამყრელიძემ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: