ბათუმის საკრებულო სანაპირო ზოლის კონკრეტული მონაკვეთების ბრენდული სასტუმროებისთვის მართვაში გადაცემას განიხილავს

ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლის კონკრეტული მონაკვეთები ბრენდულ სასტუმროებს მართვაში იჯარის წესით გადაეცემათ. მერიამ ინიციატივა ქალაქის საკრებულოს უკვე გადაუგზავნა, დეპუტატები სანაპიროს საკითხზე ხვალ იმსჯელებენ.

როგორც ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, პლაჟები არ შემოიღობება და არავის შეეზღუდება მისი გამოყენების უფლება. პროექტის თანახმად, სანაპირო ზოლის ის ნაწილი მიეცემათ სასტუმროებს მართვაში, რომელიც მის წინ მდებარეობს.

„გასული პერიოდი გვიჩვენებს, რომ პლაჟებზე სხვადასხვა ობიექტების განთავსება იყო და რჩება მაღალი ინტერესის საგნად. ბევრი შენიშვნაა ამ ობიექტების იერსახისა თუ ფუნქციონალური ნაწილის თვალსაზრისით, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებთ. აქედან გამომდინარე, მზარდი ტურისტული ქალაქისათვის, პლაჟებზე შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მივცეთ საშუალება მსხვილ ბრენდულ სასტუმროებს მათ წინ არსებული პლაჟები მართონ.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, მართვა არ ნიშნავს გასხვისებას. პირველ რიგში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სრულად იქნება დაცული მოსახლეობის ინტერესი ამ პლაჟებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. პლაჟები არ შემოიღობება და არავის შეეზღუდება მისი გამოყენების უფლება. მეორე, აღნიშნულ მონაკვეთებში, ბრენდულ სასტუმროებთან ერთად, ძალიან მკაცრად გაკონტროლდება ვიზუალი, ფუნქცია და შესაძლებლობა, თუ რა ტიპის ობიექტის განთავსება მიიჩნევა მიზანშეწონილად“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ

მისი თქმით, ობიექტების განთავსება შესაბამისობაში იქნება ბულვარის კონსერვაციისა და განვითარების გეგმასთან. „როგორც ვიცით, ბულვარი ამ გეგმის შექმნის ფინალურ ეტაპზეა, შესაბამისად, ყველა ის პარამეტრი, რა სახითაც გეგმა დამტკიცდება, დაცული იქნება შემდგომ ეტაპებზე ხელშეკრულების გაფორმების დროს. ამრიგად, აღნიშნული ინიციატივა მოწოდებულია არსებული სიტუაციის გაუმჯობესებასა და სწორი ბალანსის დაცვაზე, მოსახლეობის შეუფერხებელ წვდომაზე, რაც სრულ შესაბამისობაში იქნება საბოლოოდ დამტკიცებულ კონსერვაციისა და განვითარების გეგმასთან“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, „ბათუმი თაუერი“ პირველი სასტუმრო იქნება, რომელსაც პლაჟი მართვაში გადაეცემა. კომპანია ნაკვეთს სანაპიროზე ათი წლის ვადით ითხოვს.

Facebook Comments
%d bloggers like this: