მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

მომხდარიდან მალევე სამართალდამცავებმა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე გიორგი ჯანაშია, ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე კი გუგა ბარბაქაძე დააკავეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: