სტელა ახვლედიანი – სამწუხაროა, თუ სმენა დაკარგა, მაგრამ მისი წყალობით ჩვენი თანამშრომელი საერთოდ გარდაიცვალა 

სამწუხაროა, თუ სმენა დაკარგა თითქმის 1 წლის შემდეგ….მაგრამ, ჩვენს თანამშრომელს ზინკოვსკის კარგა ხანია აღარც ესმის, არც ყურსასმენი უშველის, ვეღარც ხედავს და სამყაროს აღქმა კი არა, საერთოდ გარდაიცვალა ამ ქალბატონის დამსახურებით!,- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიური გადაცემების ტექნიკური პროდიუსერი, გადაცემა „პროექციის“ რეჟისორი და პროდიუსერი სტელა ახვლედიანი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის სატელევიზიო ინტერვიუს, სადაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ იმპიჩმენტის გამო, სმენის პრობლემები შეექმნა და ხმის გამაძლიერებელი სჭირდება.

სტელა ახვლედიანის ფეისბუქ-სტატუსს მაუწყებლის სხვა თანამშრომლებიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ნათია კაპანაძის დროს აჭარის ტელევიზიის ბევრ თანამშრომელს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, ზინკოვსკი კი, ღვაწლმოსილი ინჟინერი და ნამდვილი პროფესიონალი იყო, რომელზეც ამ ქალბატონს პირდაპირ დევნა ჰქონდა გამოცხადებული. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების თქმით, დღეს ნათია კაპანაძეს სიტყვის თავისუფლებას დამცველად მოაქვს თავი, როცა თვითონ ვერ იტანდა განსხვავებული და კრიტიკული აზრის მოსმენას. სმენა კი, სავარაუდოდ, ტელევიზიაში მისვლამდე ჰქონდა დაკარგული და ეს შესამჩნევი იყო.  ხშირად, თუ ადამიანს პირდაპირ არ უყურებდა, პასუხს არ სცემდა,-ამბობენ მაუწყებლის თანამშრომლები. 

როგორც სტელა ახვლედიანი „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას ამბობს, ნათია კაპანაძე ტელევიზიაში შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის დახმარებით მოხვდა და შესაბამისად, წლების მანძილზე სწორედ ზვიად ქორიძე იყო ტელევიზიის ფაქტიური დირექტორი და არა ნათია კაპანაძე. 

„კაპანაძეს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა არასამთავრობო სექტორისგან, შექმნა საკუთარი, ჩაკეტილი  გუნდი, დააკომპლექტა თავისი მოყვანილი ხალხით და ჩვენი გაშვება გადაწყვიტა, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ. ამის შემდეგ დაგვიწყო დევნა, გვიწერდა დისციპლინურ სასჯელებს, სწორედ ასეთი შეურაცხყოფის გამო, ინერვიულა და გარდაიცვალა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი თანამშრომელი, რომელიც ტელევიზიის დაარსების დღიდან  ურთულეს სამუშაოს ასრულებდა და ერთხელაც არ მიუღია საყვედური. აი ასეთ კაცზე, ცრუ მიზეზით დაიწყო კაპანაძემ დისციპლინური წარმოება და გული გაუხეთქა“,-ამბობს სტელა ახვლედიანი.

მისივე თქმით, დღეს აჭარის საზმაუში ამბოხებული თანამშრომლები რეალურად სულ რამდენიმე ადამიანია, თუმცა ვინაიდან საინფორმაციო სამსახური მათ ხელშია, ყველაფერს აკეთებენ, რომ დანარჩენი თანამშრომლების აზრი არ გაჟღერდეს,

„ყველგან გვბლოკავენ. შეკეტილები არიან საინფორმაციოში და მთელ ეთერს იყენებენ. საქმეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს მათი თანამდებობის ცვლილებების მეტი, აჭარაში სხვა არაფერი ხდება. მთავარი ნიუსი მაგათი პრობლემებია. არც კორონავირუსი, არც სხვა სიახლე, მთავარია, მაია მერკვილაძე როგორ გადაიყვანეს სხვა რედაქციაში…. თანამშრომლები ორად გაყვეს, ერთ მხარეს თვითონ, თავიანთი ხალხი და მეორე მხარეს- დანარჩენები, რომლებსაც მეორეხარისხოვნებად მიიჩნევდნენ. ამხელა ამბიციების შესაფერისი პროფესიონალიზმი ნამდვილად არ გააჩნიათ. თანამშრომლებს, რომლებიც მათ მოსვლამდე ვმუშაობდით მაუწყებელში, გამუდმებით შეურაცხყოფას გვაყენებენ.  არიან უკიდურესად მიკერძოებულები, კრიზისის გაშუქების დროს აშუქებენ მხოლოდ ერთ მხარეს, სხედან ეთერში ერთი და იგივე შემადგენლობით და სხვა თანამშრომლისთვის  აზრი არასდროს უკითხავთ. სანამ  ბორდის ერთ-ერთმა წევრმა ინტერვიუს დროს კატეგორიულად არ მოითხოვა პირდაპირი ეთერი, მრჩეველთა საბჭოს წევრები არჩევიდან დღემდე, ერთხელაც კი არ მიუწვევიათ ეთერში. დირექტორმა თუ გასულ გადაცემაზე აზრი გამოთქვა, ჩარევას უწოდებენ. 7 წლის განმავლობაში მათი სარედაქციო პოლიტიკა იყო ისეთი, როგორიც დღეს, და მთავრობის ზეწოლაზე საუბრობენ, სად არის აქ ლოგიკა?,-ამბობს სტელა ახვლედიანი.

მისივე თქმით, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელსაც რეიტინგებში ერთ-ერთი ბოლო ადგილი უკავია, ბევრი რამ არის შესაცვლელი და ახალ  ხელმძღვანელობას საკმაოდ დიდი სამუშაო ელის.   

Facebook Comments
%d bloggers like this: