ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ კორონავირუსი ფართოდ გავრცელდეს, შესაბამისად, არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე.

“ვადასტურებ, რომ 28 იანვრის შემდეგ უწყებათაშორისი საბჭო მუშაობს ძალიან კოორდინირებულად და მადლობას ვუცხადებ ყველა იმ ორგანოს, რომელიც ჩვენთან ეფექტიანად თანამშრომლობს. ის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა, იყო დროულად, რამაც მოგვცა საშუალება, რომ აღარ მომხდარა შემდეგი კონტაქტების გავრცელება და ეს ადამიანი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში. გუშინ ღამით განხორციელდა ინფექციური სააავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ არიან ინფიცირებულნი”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტი იმყოფება. მათ შორის, 5 იტალიიდან ჩამოსული. ამ ხუთს შორის 1 იტალიის მოქალაქეა, 4 ქართველი. ასევე, ინფექციურში მოთავსებულია 5 პირი ირანიდან ჩამოსული, რომელთა შორის 1 ქართველია, დანარჩენი აზერბაიჯანის მოქალაქე.

“ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას და ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისი ადგილები, რათა მოვახდინოთ იმ ადამიანების კარანტინი, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან. ეს ლოკაციები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა ადგილზე. ვზრუნავთ, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი პირობები. ასევე, გვაქვს მობილიზებული საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში და არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისში. ვარწმუნებ ჩვენ მოქალაქეებს, ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართოდ გავრცელება. შესაბამისად, ეპიდემიის საფრხე არ არსებობს და ჩვენ 24-საათიან რეჟიმში კვლავ გავაგრძლეებთ მუშაობას ამ მიმართულებით”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: