კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანს მგზავრებთან კონტაქტი მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჰქონდა

ადამიანი, რომელიც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული შემოვიდა, გახლავთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანიდან რამდენიმე დღის წინ გამოემგზავრა  აზერბაიჯანის გავლით. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამედიცინო პერსონალმა შენიშნა გამოხატული სიმპტომები და პიროვნება გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში,-ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ტვ-პირველთან საუბრისას განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ინფიცირებულ პირს საქართველოში კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ მებაჟეებთან და სამედიცინო პერსონალთან.

„საქართველოს ტერიტორიაზე მას მხოლოდ სამედიცინო პერსონალთან და მებაჟეებთან ჰქონდა კონტაქტი, აზერბაიჯანის და ირანის ტერიტორიაზე კი სხვა ადამიანებთან, კერძოდ სამარშრუტო ტაქსის მგზავრებთან. ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. თავს კარგად გრძნობს თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ლაბორატორიულად უდასტურდება კორონავირუსი. ახლა მას უნდა დავაკვირდეთ, პაციენტი იმყოფება მონიტორინგის ქვეშ“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დაკვირვების ქვეშ სულ 13 ადამიანი იყო, თუმცა მათგან მხოლოდ 1-ს დაუდგინდა, კორონავირუსი. 

„კორონავირუსის შემთხვევაში, დაავადებულთა მხოლოდ  14-15 %-შია მწვავე მიმდინარეობა, 5 %-ში კი, კრიტიკული, როდესაც აუცილებელია რეანიმაციული ჩარევა.კორონავირუსის სიმპტომები არაფრით განსხვავდება გრიპოზული დაავადებებისგან- ეს არის ცხელება, ხველება, სუნთქვის უკმარისობა და მძიმე შემთხვევებში- ქოშინი. მთავარი სიმპტომია- ისტორია, თუ სად იმყოფებოდა პაციენტი ბოლო პერიოდში. ჩინეთში 1-დან 3 %-მდე არის დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც კორონავირუსი ტემპერატურის გარეშე მიმდინარეობდა“,-აცხადებს გამყრელიძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში სულ 4 საავადმყოფოა გამოყოფილი, 120-მდე ბოქსირებული განყოფილება, რაც დაავადების გავრცელების შემთხვევაში, საკმარისი უნდა იყოს.

გამყრელიძე მოსახლეობას ურჩევს, თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც კორონავირუსია გავრცელებული.

„პირველ რიგში რეკომენდაციაა, რომ ნუ წავალთ სამოგზაუროდ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩინეთში, ტაილანდში და სხვა ინფიცირებულ ქვეყნებში. ასევე, ჩამოსვლის შემდეგ გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას. ხშირად უნდა დავიბანოთ ხელი, დავალაგოთ სველი წესით სახლები და მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებში სიარულს. ქირურგიული პირბადით ქუჩაში სიარული რეკომენდებული არ არის, პირბადე უნდა ვიხმაროთ მაშინ, თუ თავად გვაქვს სიმპტომები, ან ოჯახში გვყავს ინფიცირებული ადამიანი. თუ მუდმივად ვაპირებთ პირბადით სიარულს, მაშინ 2-3 საათში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ“,-ამბოს გამყრელიძე. 

Facebook Comments
%d bloggers like this: