მოსკოვში, აბანოში მოწყობილ დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრები დაიხოცნენ

28 თებერვალს, საღამოს რუსმა ბლოგერმა, კატერინა დიდენკომ დაბადების დღე 20 სტუმართან ერთად აბანოში აღნიშნა, რა დროსაც აუზში მშრალი ყინული ჩაყარეს. შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის იუბილარის მეუღლეც. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა თავად ბლოგერის გარდაცვალების შესახებაც, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ დიდენკო რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ​დიდენკოს სტუმრები ჟანგბადის უკმარისობის გამო დაიღუპნენ,- ამის შესახებ ტელეკომპანია „ზვეზდასთან“ ინტერვიუში ექიმმა თერაპევტმა განაცხადა.

მისი თქმით, მშრალი ყინული არ არის ჩვეულებრივი ყინული. ეს არის გაყინული ნახშირორჟანგი, რომელიც გახურების შემთხვევაში, მყარი მდგომარეობიდან პირდაპირ აირად გარდაიქმნება თხევადის გამოტოვებით. ექიმის თქმით, ნახშირორჟანგი დაბალი კონცენტრაციითა და კარგი ვენტილაციის პირობებში არ არის საშიში. თუმცა აუზში ეს შენაერთი წყლის ზედაპირზე დაგროვდა, ადამიანებმა შეისუნთქეს და გონება დაკარგეს, რადგან ნახშირორჟანგი ტვინს ჟანგბადს აცლის. „ეს არ არის პირველი შემთხვევა. მშრალი ყინულით გარდაცვალების შემთხვევები ყოველ წელს ხდება“,-განაცხადა თერაპევტმა და აღნიშნა, რომ ყველაზე ხშირად მშრალი ყინულით ნაყინის გამყიდველები იხოცებიან. ახლა დგინდება, რა მიზეზით მოხვდა წყალში მშრალი ყინული. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სტუმრებს აუზში წყალი ზედმეტად თბილი მოეჩვენათ და პერსონალმა გაგრილება ამ გზით გადაწყვიტა. მეორე ვერსიით, მშრალ ყინულს წყლის ზედაპირზე ღრუბლის იმიტაცია უნდა მოეხდინა.

Facebook Comments
%d bloggers like this: