ძაღლის გამო, სასიკვდილოდ გამეტებული ბიჭის დედა კახა კალაძეს დახმარებას სთხოვს

9 აგვისტოს, თბილისში დაჭრილი 17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილის დედას დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დახმარების იმედი აქვს. ამის შესახებ ნინო ჩეკურიშვილმა „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას თქვა.

თბილისში გახმაურებული შემთხვევის მსხვერპლი, ერეკლე ჩეკურიშვილი დღემდე სიცოცხლისთვის იბრძვის. ამ ხნის განმავლობაში ოჯახის ფინანსური მდგომარეობა დამძიმდა, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ და გასაყიდიც არაფერი დარჩათ.

ერეკლეს თავის ტვინში დარჩენილი აქვს 4 საფანტი. გადაიტანა უმძიმესი ოპერაციები, მაგრამ უშედეგოდ. გადაგზავნილი სამედიცინო ისტორიის მიხედვით, მხოლოდ გერმანიის კლინიკამ განაცხადა თანხმობა მის მიღებაზე. მკურნალობა 145 ათასი ევრო ჯდება. ერეკლე  „ნიუ ჰოსპიტალში“, უგონო მდგომარეობაშია, წოლისგან ფილტვების ანთება განუვითარდა და მაღალი სიცხეები აქვს. სახლში გაყვანა შეუძლებელია, რადგან ყოველდღე სხვადასხვა პროცედურა სჭირდება, არადა ოჯახს უკვე საავადმყოფოს დავალიანებაც დაუგროვდა. 

ნინო ჩეკურიშვილის ერთადერთი იმედი ახლა საზოგადოების, ჟურნალისტების და ხელისუფლების დახმარებაა, მას დედაქალაქის მერის, კახა კალაძის იმედი აქვს და ცდილობს, როგორმე ხმა მიაწვდინოს მას. 

ცნობისთვის, 6 თვის წინ, ნინო ჩეკურიშვილის შვილებმა, დათო და ერეკლემ ძაღლი გაიყვანეს სასეირნოდ, რა დროსაც კონფლიქტი მოუხდათ 38 წლის მამაკაცთან, რომელმაც ძმები სასიკვდილოდ გაიმეტა. ერთს თავში ესროლა, მეორეს კი კისერში.

„იმ არაკაცის ძაღლი ეცა ჩვენ ძაღლს და ერეკლემ და დათომ ფეხით მოიგერიეს, პატრონმა დაუწყო ყვირილი, ჩხუბი მოუვიდათ, მერე სახლში ამოვიდნენ და ერეკლეს დარჩა ჯვარი სკვერში და მოსაძებნად რომ ჩავიდა, სახლში დაბრუნებულებს ჩაუსაფრდა და ესროლა. ერეკლეს თავში, დათოს ყელში. დათო ბეწვზე გადარჩა, არტერიასთან 2 მილიმეტრით აცდა. 38 წლის კაცმა ესროლა 15-16 წლის ბავშვებს, სასიკვდილოდ გაიმეტა“,-ამბობს „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას ნინო ჩეკურიშვილი.

ერეკლე ჩეკურიშვილი 51-ე სკოლის მოსწავლეა, ის თბილისის ჩემპიონია კრივში და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძლიერი მოსწავლე იყო.


„მეთორმეტე კლასში უნდა ყოფილიყო, მაგრამ წელს ვერ დაამთავრებს, ეს ოცნებად დარჩა. ერთი წლით ადრე უნდოდა დამთავრება, ძალიან ბევრი იმეცადინა და 20 გამოცდა წინსწრებით ჩააბარა. წელს დარჩება ისევ მე- 11 კლასში“,-ამბობს  ნინო ჩეკურიშვილი. 

„ინფო ფოსტალიონი“ თავის მკითხველებს სთხოვს, გულთან ახლოს მიიტანონ ერეკლეს გასაჭირი და ერთობლივი ძალისხმევით, ბავშვის გადარჩენა მოვახერხოთ.

დარეკეთ მაგთის და ბილაინის აბონენტებმა:0901701533
(2 მარტიდან ჯეოსელი გააქტიურებს) ზარის ღირებულება 1 ლარი

TBC ბანკი:
GE14TB7525245061100076 მიმღები-ნინო ჩეკურიშვილი

საქართველოს ბანკი:
GE73BG0000000190588200 მიმღები-ნინო ჩეკურიშვილი

ერეკლეს დედის პირადი მობილურის ნომერია: 577 39 18 25.



Facebook Comments
%d bloggers like this: