ძალიან ცუდია, რაც გუშინ ღამე ნიკა გვარამიამ პირადად ჩემს მიმართ იკადრა

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისა განაცხადა. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში დღეს კიდევ 14 ანალიზია შესული და პასუხი დღის განმავლობაში იქნება.

ამირან გამყრელიძემ ექიმებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი არ იყვნენ ღირსი იმ შემოტევების, რაც ზოგიერთმა ტელეკომპანიამ და ჟურნალისტმა იკადრა. 

„გიმალავღთ რამეს? არ გხვდებით? ვიყავით იმის ღირსი, რაც ჟღერდება ზოგიერთი ტელევიზიით. ძალიან ცუდია, რაც გუშინ ღამე ნიკა გვარამიამ პირადად ჩემს მიმართ იკადრა, მე ძალიან ტოლერანტული ვარ, მაგრამ ცუდია, როდესაც დაუმსახურებლად გესვრიან ტალახს. მადლობა იმ ექიმებს, რომლებიც იქ ისხდნენ და არცერთი არ აყვა პოლიტიკურ აჟიოტაჟს. მე მანამდე ნიკას დავთანხმდი, რომ მივიდოდი და ვისაუბრებდი, ოღონდ პირობით, რომ ამ შოუს არ ექნებოდა პოლიტიკური სარჩული. თუმცა უნდოდათ პოლიტიკურ დისკუსიაში ჩართვა. მე ადრეც ნაწყენი ვიყავი მათზე, როდესაც ჩავარდნა და ჩაფლავება უწოდეს ჩვენს ყველაზე წარმატებულ პროგრამას- ც ჰეპატიტის პროგრამას, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათია.ასევე მეწყინა, როდესაც ლუგარის ლაბორატორიას გადაუარეს. მოვა დრო და ვიტყვი, როგორ გაიხსნა ეს ცენტრი, ვინ იდგა მის უკან,  და რატომ ვერ ახერხებდა მუშაობას 2013 წლამდე“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმია, გახანგრძლივებულია არდადეგები, მიმდინარეობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ჰიგიენური დამუშავება.

„ჩვენი რეკომენდაციები იგივეა: თავი ავარიდოთ საერთოდ მოგზაურობას, განსაკუთრებით მაღალ დასენიანებულ ქვეყნებში. ესენია: იტალია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ირანი. სასურველია მოსახლეობამ შეზღუდოს საერთაშორისო მოგზაურობები. მსოფლიოში ეპიდსიტუაცია უფრო იძაბება, გარდა ჩინეთისა, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს, თუმცა პანიკას არ უნდა მივეცეთ. ჯერჯერობით არ გვაქვს ქვეყანაში შიდა გავრცელების ფაქტები, ამიტომ უფრო მეტად არის გაძლიერებული მონიტორინგი საზღვრებზე. დღეს ძირითადად მომატებული რისკია იტალიიდან შემომსვლელების მხრიდან. მათ დაბრუნებაზე სახელმწიფო რა თქმა უნდა, უარს ვერ იტყვის, მაგრამ მოვუწოდებ მათ, საზღვრზე დააფიქსირონ ის მდგომარეობა, რაც აქვთ და ნუ იქნება მანიპულირება სიცხის დამწევებით. ეს იქნება პირველ რიგში მათი და მათი ოჯახების უსაფრთხოება“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments
%d bloggers like this: