ვახტანგ გომელაური შსს-ს თანამშრომელ 9 შვილიან დედას სახლში ესტუმრა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს რეგიონული უზრუნველყოფის წალკის განყოფილების დამხმარე მოსამსახურეს, 9-შვილიან დედას – ელისო ანსიანს სახლში ესტუმრა, დედის დღე პირადად მიულოცა, საოჯახო ტექნიკა და სხვადასხვა საჩუქარი გადასცა.

„გილოცავთ, ელისო, დედის დღეს. თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთადერთი 9-შვილიანი დედა ბრძანდებით. ასევე, გვყავს ორი 8-შვილიანი დედა. 9 შვილი – ამაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. მინდა, გისურვოთ ბევრი სიხარული, ბევრი წარმატება თქვენ, თქვენს შვილებს და მთლიანად თქვენს ოჯახს“, – მიმართა ვახტანგ გომელაურმა მრავალშვილიან თანამშრომელს.

შინაგან საქმეთა მინისტრი ელისო ანსიანის მეუღლესა და შვილებს გაესაუბრა. მათ შორის ყველაზე უფროსი – თინათინი 23 წლისაა, ყველაზე უმცროსი – მარკოზი კი 6 წლის. ელისო ანსიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2017 წლიდან მუშაობს.

„ძალიან ემოციური დღე იყო დღეს ჩემთვის. მინისტრი ჩამოვიდა, პირადად, რომ დედის დღე მოელოცა, ჩემს ხელმძღვანელებთან ერთად. 4 წელია, რაც სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტში ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას, თანადგომას და დაფასებას ხელმძღვანელებისგან. დღეს, ასე მოულოდნელად რომ მოვიდნენ, ძალიან გამიხარდა. დიდი მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა ელისო ანსიანმა მინისტრის სტუმრობის შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად ზრუნავს მრავალშვილიან თანამშრომლებზე. უწყებაში მრავალშვილიანი თანამშრომლებისთვის სპეციალური დანამატია დაწესებული. თითოეული მათგანი სტატუსის შესაბამის დანამატს ყოველთვიურად იღებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: