ეკა ბესელია პრეზიდენტის გამოსვლაზე: იმედგაცრუებული ვარ

ეკა ბესელიამ პრეზიდენტის მოხსენება შეაფასა. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად ის სალომე ზურაბიშვილის მოხსენებას პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი პატივისცემის გამოსახატად დაესწრო.

„მოვედი შეგნებულად დღეს, დავესწარი. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამით ხაზგასმა გავაკეთე პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემის მიმართ. მე ყველა პრეზიდენტის გამოსვლას ვესწრები. სააკაშვილიც კი რომ მოვიდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მაშინც ვიყავი დარბაზში. ამიტომ, ეს არის ინსტიტუტისადმი პატივისცემა, მაგრამ გამოვედი იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი. გამიცრუა იმედი, იმიტომ რომ მას დღეს ძალიან კარგი შანსი ჰქონდა თავისი გამოსვლით შეეცვალა ის ნეგატიური ფონი და ის ნეგატიური განწყობა, რომელიც, სამწუხაროდ, არის აკუმულირებული მასთან დაკავშირებით სხვადასხვა ოპოზიციური ფლანგიდან და ჯგუფიდან“, – განაცხდა ბესელიამ.

მისი მთავარი პრეტენზია იმ ფაქტს ეხება, რომ პრეზიდენტმა სასამართლოს თემას საჭირო ყურადღება არ დაუთმო და დადებითად შეაფასა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, რომელმაც კრიტიკა დაიმსახურა.

„როდესაც ამ თემაზე პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩვენ პროგრესი გვაქვს და მხოლოდ გამოწვევები რჩება, რომ გვაქვს კარგი დინამიკა და შეფასებას არ აკეთებს იმ ფაქტზე, რამაც ყველა შეძრა გასული წლის დეკემბერში, როდესაც წარსულში ყველაზე ურეპუტაციო მოსამართლეებიდან დიდი ნაწილი აირჩია ამ პარლამენტმა და იმ ხელისუფლებამ, რომლის დასაცავადაც დღეს გამოდიოდა პრეზიდენტი, ამაზე უნდა თქვა შენი სათქმელი. როდესაც ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი: ევროკავშირი, ამერიკის საელჩო, ეუთო, ოდირი, ევროპარლამენტი, ყველა ლაპარაკობს, რომ ეს იყო ცუდი პროცესი და სასამართლოს თემამ დემოკრატიას დაარტყა, პირველ რიგში და საქართველოს გარე მხარდაჭერას, ამაზე შეფასება უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა. ველოდებოდი, იტყოდა მეტს პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც შექმნა ამ საარჩევნო ამბავმა, ველოდებოდი უფრო მეტ კრიტიკულ განცხადებას და ამიტომ გამოვედი იმედგაცრუებული “, – აღნიშნა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: