იტალიაში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქე ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. საქართველოს საკონსულო იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს დაუდგინდა კორონავირუსი. მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზეა როგორც თავად პაციენტთან, ასევე მისი ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.

Facebook Comments
%d bloggers like this: