ღია წერილი ჟორიკა გიორგი რურუას-აღსარებამდე ცოტა დრო დაგრჩა MEMENTO MORI ჟორიკ!

ვერაზე მოკლული თორაძეების ოჯახის გადარჩენილი წევრი, თამარ თორაძე სოციალურ ქსელში გიორგი რურუას ღია წერილით მიმართავს.

თამარ თორაძემ, რომელიც მშობლების და 5 ძმის მკვლელობაში ვერის საძმოს, „ბოროტებს“ სდებს ბრალს, რამდენომე წლის წინ წიგნი გამოსცა, სადაც საზარელი დანაშაულის დეტალებს აღწერს და ამტკიცებს, რომ მათ სახლში მივარდნილი მკვლელებიდან ერთ-ერთი გიორგი (ჟორიკა) რურუა იყო.

ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„ღია წერილი ჟორიკა გიორგი რურუას.

დრომ და სიჩუმემ შურისძიების ცეცხლი ვერ გამინელა… დიდი ხანია ყურადღებით გაკვირდები შენ და შენს “ბოროტ“ ყოფილ მეგობრებს. „ვტკბები“ თქვენი უღმერთობით. არადა „ქრისტეს მეომრად შერაცხულ“ მკვლელს უნდა ესმოდეს, რომ ღმერთის ხელი სადაც არ ურევია ყველაფერი ინგრევა და ნადგურდება… სატანას არ უყვარს, დროში გაწელილი მეგობრობა…

ალბათ ხვდები, რომ შენს ნაცებისდროინდელ თამაშს, დღეს ოცნების “ვარსკვლავბიჭუნები” თამაშობენ ? როგორ გაგწირეს “მეგობრებმა”? მიგატოვეს ზარალამ, ლერიმ, ტილიკებმა, მუსტაფებმა … შენ უკეთ იცი ვინ…! მაგრამ იცოდე, მე არასდროს მიგატოვებ! უნდა თქვა, სად წაიყვანე ზაზა და პაატა თუ გინდა, რომ თავი დაგანებო. ისე შეგაწუხებენ შენს მიერ არაკაცურად ჩახოცილი ბიჭების აჩრდილები, რომ სურვილი დაგახრჩობს მოყვე, რატომ ჩამიცხრილე ოჯახი!

საზოგადოება ინტერესით მოისმენს შენს „აღსარებას“ და შეიძლება შენ სინანულის გრძნობა გეწვიოს და საზოგადოებამ „ცოტათი“შეგიბრალოს …იმედია გადაწყვეტილებას დროულად მიიღებ. სანამ შენი “ერთგული ძმაკაცები” მოგიშორებენ ! მე გადაგეფარები იცოდე შენ დიდხანს უნდა იცოცხლო და ის დაინახო რაც უნდა დაინახო !! გაგახსენებ “მებრძოლო ვაჟკაცო” მტერიც კი აბრუნებს მკვდარ მტერს! ქრისტიანი ხარ როგორც ამბობ! შენი ქრისტიანული ვალია ჩემი ნაწამები, მოკლული ძმების ცხედრები დამიბრუნო. სადაც გინდა იქ წაიღე ეს წერილი და რაც გინდა ის უქენი! იცოდე რომ მე სულ შენთან ვარ! წამით არ გტოვებ! შენი და „ბოროტების“ხროვას, თქვენს მიერ უმოწყალოდ ამოხოცილი ჩემი ოჯახის შვიდი წევრის აჩრდილები გითვალთვალებენ და არა იმიტომ, რომ ღვინით სავსე ჭიქა მოგაწოდონ …მიცვალებულების შურისძიება დაწყებულია…შენ კი აღსარებამდე ცოტა დრო დაგრჩა “MEMENTO MORI”ჟორიკ!“.

ცნობისთვის, 1992 წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს (ლაშას, კახასა და იმედოს) და მათ მეგობარს, ვინმე გელას, “მხედრიონმა” ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნა. ძმები დაიჭრნენ, მათი მეგობარი კი დაიღუპა. 1992 წლის 3 მარტს, დედ-მამამ, ზაურ თორაძემ და იზო ქურხული-თორაძემ, ლაშა ექიმთან ჭრილობის გადასახვევად წაიყვანეს. თორაძეები ექიმისგან შინ კუთვნილი თეთრი “ვაზ 21-07” მარკის ავტომანქანით ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ვერის სასაფლაოსთან  თორაძეების ოჯახის სამივე წევრი ჩაცხრილეს. ამის შემდეგ შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა თორაძეების სახლს ალყა შემოარტყეს.

ოჯახში დარჩენილ მამაკაცებს მეზობელთან მიაგნეს, სადაც ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ ავტომატის ჯერით დაცხრილეს იმედო და კახა თორაძეები.

ამ სასტიკ მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამუნა, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

ტრაგედიის დღეს თორაძეების უფროსი შვილი, ზაზა თორაძე, შინ არ იმყოფებოდა. იგი დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ორი წლის შემდეგ კი 17 წლის პაატა თორაძეც გაუჩინარდა.

გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ მეწილეა, სამართალდამცავებმა გასული წლის ბოლოს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია მას პოლიტპატიმარს უწოდებს.

ფოტოზე : თორაძეების ოჯახი.

Facebook Comments
%d bloggers like this: