თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით მეოთხე ინფიცირებული მედიკოსია

საქართველოში კორონავირუსით მეოთხე ინფიცირებული მედიკოსია და საზღვარგარეთ მუშაობს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით პაციენტს არაფერი ემუქრება.

„ამ დაავადებას ახასიათებს ვერაგობა. თუ მაგალითად გრიპი იწყება მძიმედ თავიდან, ამ დაავადების დროს საკმაოდ ხშირია მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დასაწყისი და პირველი კვირის მანძილზე მდგომარეობის დამძიმება. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობით, მეოთხე ინფიცირებულს არაფერი ემუქრება, მაგრამ ის საჭიროებს ინტენსიურ დაკვირვებას, რომ არ დამძიმდეს. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა კარგია, ორის საერთოდ ძალინ კარგია, არაფერი აქვს. ერთს, ახალგაზრდა ქალბატონს აღენიშნება ტემპერატურის სუბტემბრილური მატება, 37.1 – 37.2, მეტი არა, და მშრალი ხველა. ანუ იმ სამის მდგომარეობა კარგია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მეოთხე ინფიცირებულს კონტაქტი 15-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა. ისინი იდენტიფიცირებულები არიან. მათ, ვისაც სიმპტომები აღმოაჩნდება, ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსებენ, ისინი კი, ვისაც სიმპტომები არ აქვთ, საკარანტინო ზონებში განაწილდებიან.

ცერნცვაძემ კვლავ მიმართა მათ, ვინც რისკის ჯგუფში იმყოფება და ბოლო 14 დღის განმავლობაში მაღალი რისკის ქვეყნებში იმყოფებოდა და კარანტინის და თვითიზოლაციის მნიშვნელობა შეახსენა.

„ისინი აუცილებლად უნდა წავიდნენ კარანტინში ან თვითიზოლაციაში. როგორც კი გამოჩნდება კლინიკური ნიშნები, ტემპერატურის მატება, სუნთქვის გაძნელება, ყელის ტკივილი, მაშინვე უნდა მიმართონ, ოჯახის ექიმს, ან ზოგადი პრაქტიკის ექიმს. ამ პაციენტმა ეს წესი დაარღვია, ორი დღე იმყოფებოდა სახლში მაღალი სიცხით. იმედი მაქვს, რომ ეს შემთხვევა დასრულდება კეთილად, მაგრამ ყოველთვის შეიძლება კეთილად არ დამთავრდეს.​ მედიკოსია მეოთხე ინფიცირებული და მუშაობს საქართველოს ფარგლებს გარეთ. რამდენადაც ვიცი რაიმე ქრონიკული დაავადება არ აწუხებს“, – აღნიშნავს ცერცვაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: