ნათია თურნავა: იტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებაზე სახელმწიფო იზრუნებს

„მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, ვინც იტალიიდან პირდაპირი რეისით აპირებდა საქართველოში გამომგზავრებას, ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმისთვის, რომ მათი ჩამოყვანა ორგანიზებულად მოხდეს. მგზავრობის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს“.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იტალიასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის საკითხზე კომენტარისას განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია სპეციალური საგანგებო შტაბი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობს.

„ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შევაჩეროთ პირდაპირი ფრენები იტალიასთან, რადგან იტალია მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეს ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა, თუმცა, მთავრობის პრიორიტეტი პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა. ნათია თურნავას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას ტურიზმის სფეროს ინტერესებიც იქნა გათვალისწინებული. 

„მინდა გითხრათ, რომ ეს ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა. ვფიქრობთ, ტურიზმის ინტერესებიდან გამომდინარეც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უსაფრთხო ტურისტული ბაზრის იმიჯი, მათ შორის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც და თუნდაც ის სტუმრები, ვინც დღეს საქართველოში იმყოფებიან, თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ. აქედან გამომდინარე, ყოვლად გამართლებული და დროული გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება იმას, თუ როდემდე იქნება შეჩერებული იტალიასთან პირდაპირი ფრენები, ნათია თურნავა კონკრეტულ ვადებზე არ საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ზოგადად კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევა შემცირდება, ან საერთოდ აღარ იარსებებს.

„ეს არის ჩვენი მოლოდინი და როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ პირდაპირი ფრენების აღდგენა, რადგან  ეს პირდაპირი ფრენები ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მონაპოვარია, ჩვენ ამას გავაკეთებთ. უბრალოდ ახლა კონკრეტული ვადების დასახელება რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩვენი კონტროლის მიღმაა და ჩვენ უბრალოდ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას“, – აცხადებს ნათია თურნავა.

Facebook Comments
%d bloggers like this: