აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები- რამდენიმე ჟურნალისტმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიმართ სამსახურეობრივი ბულინგი განხორციელა

გიორგი აბაზაძეზე სამსახურეობრივი ბულინგი განხორციელდა – ეს განცხადება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა გააკეთა. 

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

”6 მარტს რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი აბაზაძის მიმართ ბულინგი და მობინგი განხორციელდა. რამდენიმე თანამშრომელი მას დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და  დისკრიმინაციული სიტყვებით მიმართავდა. აიძულებდნენ დაეწერა განცხადება გადადგომის შესახებ. საჭირო გახდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. გიორგი აბაზაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას წინასაინფაქტო მდგომარეობა დაუდგინდა. აქვე ავღნიშნავთ, რომ საინფორმაციო გამოშვებებში დამახინჯებულად გაშუქდა თანამშრომლის დისკრიმინაციის ფაქტი. მაყურებელს მიეწოდა მცდარი ინფორმაცია. 

ეს ვითარება წააგავს ერთი წლის წინანდელ მოვლენებს, როცა წინა მენეჯმენტის დროს, ტელევიზიის ოპერატორები გაიფიცნენ, მათი პოზიცია კი ეთერში სათანადოდ არ შუქდებოდა. ასევე ეთერში ვერ ხვდებოდა მაუწყებლიდან უკანონოდ დათხოვნილთა პრეტენზიები. 

სამსახურის უფროსის მითითების შესრულება ყველა თანამშრომლის ვალდებულებაა, რაც ხელშეკრულებაში გაწერილი. დღეს მომხდარი ინციდენტი დროს კი რამდენიმე თანამშრომელმა უხეშად დაარღვია არა მარტო ხელშეკრულება, არამედ ორგანიზაციის შინაგანაწესი და ეთიკური ნორმები. მოახდინა ადამიანის დისკრიმინაცია. 

მივმართავთ დირექტორს სასწრაფოდ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები დისკრიმინაციის ჩამდენი თანამშრომლების მიმართ.

მოვითხოვთ: შეწყდეს სამსახურეობრივი ბულინგი და მობინგი, რაც საერთო ჯამში იწვევს მუშაობის შეფერხებას”. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. შესაბამის ბრძანებას მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 6 მარტს, როცა საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი, გიორგი აბაზაძე დღის გეგმის დაწერას იწყებდა, ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას. ის ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აიძულებდა აბაზაძეს, განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა მისი პოზიცია.

Facebook Comments
%d bloggers like this: