თენგიზ ცერცვაძე: სამედიცინო ნიღბით ქუჩაში სიარული აბსოლუტურად არასაჭირო და არაეფექტურია

სამედიცინო ნიღბით ქუჩაში სიარული აბსოლუტურად არასაჭირო და არაეფექტურია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ანატომიაში“ განაცხადა, რომელმაც კორონავირუსის გადადების საფრთხეებზე ისაუბრა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ინფექცია არ გადაეცემა ჰაეროვანი გზით, რაც ნიშნავს, რომ ინფიცირებული პირის რაიმე სივრცეში მოხვედრის შემთხვევაში ის ინფექცია იმავე სივრცეში მყოფ სხვა პირებს არ გადაეცემათ. რაც შეეხება წვეთოვანი გზით გადაცემას, ინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში ინფიცირების რისკს არსებობს.

„ამოფრქვეული ვირუსის ნაწილაკები სხვადასხვა საგნის ზედაპირზე ილექება, ტანსაცმელზე, მობილურზე, ყველაფერზე. საკმარისია, ჩვენ ისეთ ნივთს შევეხოთ, რომელსაც პაციენტი მოიხმარდა, ჩვენი ხელები დაინფიცირდება. შემდეგ მას მივიტანთ პირთან, თვალთან და მოხდება გადაცემა კონტაქტური გზით. კონტაქტური გზით ინფექციის გადაცემა თავიდან რომ ავიცილოთ, ამისთვის საჭიროა, ხელების ხშირი დაბანა. თუ არ არის ხელის დაბანის შესაძლებლობა, უნდა გამოვიყენოთ სადეზინფექციო ხსნარები. თუ საეჭვო პაციენტია, მაშინ საჭიროა ხშირი განიავება და სველი წესით დასუფთავება, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება წვეთოვანი გზით გადაცემისგან თავდაცვას, მნიშვნელოვანია ნიღაბის გამოყენება.

„ყველაზე დიდ ინტერესს ეს იწვევს. ნიღბები გამოვიყენოთ თუ არა. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა. ნიღაბი აუცილებლად უნდა გაიკეთოს პაციენტმა. ასეთ შემთხვევაში ნიღაბი ეფექტიანია და ხელს უშლის, პაციენტმა ვირუსული ნაწილაკები გამოაფრქვიოს. რაც შეეხება, უნდა გაიკეთოს თუ არა სხვა პირმა, რომელიც კონტაქტშია პაციენტთან, ძირითადად სამედიცინო პერსონალმა, თუ ის უვლის პაციენტს, მკურნალობს ან ცხოვრობს მასთან ერთად ოთახში, ან მასთან ერთად ტრანსპორტით მგზავრობს, ასეთ შემთხვევაში უნდა გაიკეთოს. სრულიად გაუმართლებელია, როდესაც ხალხი ქუჩაში დადის და ნიღაბი უკეთია. აბსოლუტურად არასაჭირო და არაეფექტურია. ნიღაბს თავისი წესები აქვს: თუ ეს არის მაღალი დაცვის მქონე ნიღაბი (N95), სახეზე სპეციალისტმა უნდა მოარგოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ნიღბის ტარება უარესია. რჩება ადგილები, საიდანაც დაინფიცირება შესაძლოა იოლად მოხდეს. რაც შეეხება ჩვეულებრივ ქირურგიულ ნიღაბს, მისი ხმარება იოლია. თუმცა სახეზე მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული და აუცილებლად ფარავდეს ცხვირსა და პირს. ნიღაბი ხშირ-ხშირად, სამ საათში ერთხელ უნდა ვიცვალოთ“, – განაცხადა თენგის ცერცვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: