მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ერთ-ერთი დაინფიცირებულის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა დაავადება არ პროგრესირებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 39 ადამიანი, მათ შორის კორონავირუსით დაინფიცირებული 12 პაციენტი იმყოფება. მისივე თქმით, კორონავირუსით ერთ-ერთი დაინფიცირებულის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა დაავადება არ პროგრესირებს.

„ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული 12 პაციენტი იმყოფება, საერთო ჯამში კი ინფექციურ საავადმყოფოში რჩება 39 ადამიანი. გუშინ გაგზავნილი 24 ნიმუშიდან 23 უარყოფითი იყო და მხოლოდ ერთს დაუდგინდა კორონავირუსი, რამაც ქვეყანაში ინფიცირებულების რიცხვი 13-მდე გაზარდა. დღეს ლუგარის ლაბორატორიაში 9 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გადაიგზავნა, მათი ანალიზების პასუხები დღის მეორე ნახევარში ან გვიან ღამით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება კორონავირუსით დაინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კვლავ მძიმე, თუმცა სტაბილურია. ცხელება გრძელდება, თუმცა დაავადება არ პროგრესირებს. დანარჩენი პაციენტები თავს სტაბილურად კარგად გრძნობენ, კლინიკური ნიშნები მათ არ აქვთ და ისინი ექიმების 24-საათიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: