პროკურორის დაკავება და ამ ამბის საზოგადოებისთვის დაუფარავად თქმა ირაკლი შოთაძის ღირსეული გადაწყვეტილებაა

პროკურორის დაკავება და ამ არც თუ სასიამოვნო ამბის საზოგადოებისთვის დაუფარავად თქმა პირადად ირაკლი შოთაძის ღირსეული გადაწყვეტილებაა,- ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

,,ერთი შეხედვით პროკურორის დაკავება კორუფციულ დანაშაულზე არის ძალიან ცუდი ფაქტი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რა გარემოება უსწრებს წინ ამ მოვლენას. როგორც იცით, პარლამენტმა ახალი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა თანამდებობაზე. შოთაძის დაბრუნება უწყებაში ნიშნავს შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან ყოველგვარი კომპრომისის გარეშე. ამის დასტურია მათივე კოლეგის დაკავება. ამიტომ ვფიქრობ, რომ პროკურორის დაკავება და ამ არც თუ ისე სასიამოვნო ამბის საზოგადოებისთვის დაუფარავად თქმა პირადად ირაკლი შოთაძის ღირსეული გადაწყვეტილებაა. კორუფცია არის სახელმწიფოებრიობის პირველი მტერი და როდესაც პირველ რიგში შენივე სისტემაში ებრძვი ამ ცალკეულ შემთხვევებს, სრული ლეგიტიმაცია გაქვს, რომ საჯარო უწყებები სრულყოფილად გაწმინდო „ნაგვისგან“,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ.შ. დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა დ.შ-მ მის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ, არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პროკურორმა დ.შ-მ ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება.

Facebook Comments
%d bloggers like this: