რომან გოცირიძე: შეთანხმების დარღვევა გამოიწვევს უმკაცრეს სანქციებს

პოლიტპატიმრების ნაწილი არის ამ საერთო ხელშეკრულების უცვლელი შემადგენელი მხარე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

„ამ შეთანხმების დარღვევა წარმოუდგენელია, ვინაიდან მასში მონაწილეობდა ფაქტობრივად მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, როგორც ევროკავშირი, ასევე აშშ. იყო გაფორმებული ისეთი ხელშეკრულება, რომლის დარღვევა გამოიწვევს უმკაცრეს სანქციებს. ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობა და მინისტრები თავიანთ ცხოვრებაში ვერ შეყოფენ ცხვირს ევროპაში. ხოლო ბიძინას უმკაცრესი სანქციები დაედება, ამიტომ ამის დარღვევა წარმოუდგენელია. რაც შეეხება იმის სპეკულირებას, რომ ამ ხელშეკრულების ნაწილი იყო თუ არა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რა თქმა უნდა, იყო. არის თუ არა დოკუმენტში? არის დოკუმენტში, ოღონდ დიპლომატიური ენით. ელჩებისა და პოლიტიკოსების ენა განსხვავებულია. როცა განცხადებაში სასამართლო სისტემის პოლიტიზებაა ნახსენები, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო გამოიყენებოდა პოლიტიკური რეპრესიებისთვის და პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ“, – განაცხადა გოცირიძემ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. ამის შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ შეთანხმება უახლოეს მომავალში, 20 ივნისის შემდეგ დაკავებული ყველა „პოლიტიკური პატიმრის“, მათ შორის გიგი უგულავას გათავისუფლებას ითვალისწინებს. მმართველი გუნდის წევრები კი აღნიშნულთან დაკავშირებით რამე შეთანხმების არსებობას უარყოფენ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: