,,არ დავმალავ, ცოტა შიში გაგვიჩნდა გარკვეულ პერიოდში ექიმებს”-დავით გადელია

,,რომ ჩავუფიქრდეთ…
რა ძალას ვებრძვით ადამიანები! ორგანიზმის ფორმებს, რომლებიც მილიონობით წლებია დედამიწის ბატონ-პატრონები არიან! ჩვენზე რამდენით დიდი ისტორია აქვთ! რა ცვლილებების და განვითარების უნარი!მათ ჩვენი არსებობა ჩვენი გაჩენიდანვე იცოდნენ. თავიდანვე გვაკვირდებოდნენ, ჩვენით ცხოვრობდენ როგორც ჩვენი სიცოცხლის, ასევე ჩვენი გარდაცვალების შემდეგ… ჩვენგან კი მხოლოდ ძალიან გამჭრიახები ეჭვობდნენ “რომ არსებობს რაღაც, რასაც ვერ ვხედავთ!”.. სულ 350 წელია რაც ვიზუალური კონტაქტი გვაქვს მათთან. თავიდან, არც ისე რთული ხელსაწყოს საშუალებით. მერე – უფრო გავაძლიერეთ. მხოლოდ უფლის მიერ ბოძებული მექანიზმებით ვიცავდით თავს. პირველად შეგნებულად, გაანგარიშებით და რეალური შედეგით მხოლოდ ასიოდე წლის წინ შევუბრუნეთ ხელი- უფრო ზუსტად კი, 1929წელს. პირველი რეალური, დამიზნებითი იარაღი პენიცილინი იყო. თუმცა დაცვითი რედუტების გაძლიერება ცოტა უფრო ადრე- აცრებით შევძელით.

ძალიან გაგვიბრაზდა ურიცხვი, ძლიერი მტერი. ჩვეულებრივი მოქალაქის თვალისთვის შეუმჩნეველია ამ პირველი გამარჯვების შემდეგ რა საშინელი, დაუნდობელი ბრძოლა მიდის ადამიანსა და მიკროორგანიზმებს შორის! გამოვიგონებთ ახალი თაობის წამალს- ეშმაკი მტერი იცვლის ნირს და ტაქტიკას და ეგუება! ამიტომაც ვიხვეწებით, გაფრთხილებთ ექიმები, რომ ნუ ხმარობთ საჭიროების გარეშე, “უპრაგონოდ” ამ ახალი თაობის ანტიბიოტიკებს; ისინი კაცობრიობის სარეზერვო არსენალს წარმოადგენენ, ფარმაკოლოგებს უკვე ძალიან უჭირთ ახლის მოგონება, მილიარდები ჯდება ყველა ახალი ფორმულა. ინფექციის წინააღმდეგ ასე უაზრო სროლები კი უიარაღოს დაგვტოვებს ახალი პარტია მტრის წინააღმდეგ. ეს ბაქტერიები. ვირუსები კი უფრო მარტივი და კიდევ უფრო დახვეწილი მტერია!

რა შემართებით, მტრის პატივისცემით და ცოდნით ებრძოდა მათ ვახტანგ ბოჭორიშვილი! ახლაც ცოტა გადაჭარბებული მეჩვენება (ალბათ ჩემი უცოდინრობის გამო) მისი ცნობილი გამონათქვამი: “-დაავადებები უნდა დაიყოს ორ ჯგუფად, პირველი- ინფექციებით გამოწვეული და მეორე- რომლებიც ჯერ კიდევ არ იცის კაცობრიობამ, რომ ინფექციებითაა გამოწვეული!”.. სხვათა შორის, ამ გამონათქვამის შემდეგ მართლაც გაირკვა რამოდენიმე ისეთი დაავადების ინფექციური ბუნება, რომლებიც სხვა გენეზის ეგონათ- პირველ რიგში, რა თქმა უნდა კუჭის წყლული!

შესანიშნავი მოსწავლეები გამოზარდა ბატონმა ვახტანგმა.. მაგრამ ახლა სხვებზე მინდა ვთქვა ორი სიტყვა..სხვა თაობაზე… არ დავმალავ, ცოტა შიში გაგვიჩნდა გარკვეულ პერიოდში ექიმებს. ბევრი მიზეზების გამო არ მოდიოდნენ ამ პროფესიაში ჭკვიანი ახალგაზრდები. ახლა კი, 3-4 წელია ისეთი ახალგაზრდები შემოგვემატნენ, თან იმდენი, რომ გულწრფელად შემიძლია დაგამშვიდოთ- უჭკვიანესი, შრომის და ცოდნის მოყვარული, დაუზარებელი, უშიშარი გოგონების და ბიჭების ხელშია ჩვენი და ჩვენი მომავლის ჯანმრთელობა! რა აზარტით ეკვეთნენ ახალ მტერს! არც აკარებენ უფროს კოლეგებს (დეპარტამენტის უფროსებს არ ვგულისხმობ, ცხადია!).

დილიდან გვიან ღამემდე არ მიდის თითქმის არცერთი. ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ! განსაკუთრებით იმათ გამოგყოფთ, ვინც უშუალოდ ხართ ჩართული კორონასთან ბრძოლაში და სხვას ნუ ეწყინება: მეგი❤, თამუნა❤, თამუნა❤, ეკა❤, ხატია❤, ნიკო”- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ექიმი დავით გადელია

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: