,,დადიან ქუჩებში მისნაირი ქალები. ვინ სამსახურში, ვინ ბაზარში, ვინ-კაცმა არ იცის”-ნატო ჯავახიშვილი

,,ეს ქალი სამსახურში დადის.
დგება დილით,
დახეთქილ ხელებზე გლიცერინიან კრემს წაისვამს
დასიებულ ფეხებს წინა ღამით გაპოხიერებულ ფეხსაცმელში ჩატენის
წუხანდლით გაუფერულებულ ტუჩებს პომადით გაიცოცხლებს
მაგიდაზე ფულს დატოვებს
ააბაკუნებს თავის ათსანტიმეტრიან ქუსლებს
და მიდის.
დადიან ქუჩებში მისნაირი და ცოტა სხვანაირი ქალები.
ვინ სამსახურში, ვინ ბაზარში, ვინ – კაცმა არ იცის.
ეს ქალი მუშაკია.
უნდა გაიღიმოს, უნდა იშრომოს. უნდა აიტანოს.
უნდა შვილები მოიკითხოს: სკოლაში, ქუჩაში, ყველგან.
დადის, სახის კუნთები სტკივა და ეშინია.
ეშინია, რომ ერთ დღესაც სხეული თავად უღალატებს და
უფროსის კაბინეტში შესულს ფურცლები დახეთქილი ხელებიდან გაუვარდება.
მან რა იცის, რომ ეს ფურცლები მთელი მისი ცხოვრებაა.
მან რა იცის, როგორ გამოიცვალა.
მან რა იცის, როგორ უნდა უბრალოდ დაჯდეს და იტიროს.
ადამიანივით.
არც უნდა იცოდეს.

მისი ქმარი სახლში რჩება.
მივა მაგიდასთან, ერთი მაგრად ამოიოხრებს
დამნაშავე კაცივით აქეთ-იქით გაიხედავს და ფულს ჯიბეში ჩაიდებს.
მერე შვილებს საუზმეს გაუმზადებს და თვალს აარიდებს.
მერე უდარდელი კაცივით წამოწვება და ტელევიზორს ჩართავს.
მერე დარდიანი კაცივით შეჭმუხნის წარბებს და გამორთავს.
წევს კაცი და დარდობს.
დარდობს კაცი და წევს.
დგება კაცი და მაგიდაზე დატოვებული ფულის სანაცვლოდ
ერთ ბოთლ დავიწყებას ყიდულობს.
ყიდულობს და ავიწყდება.
ავიწყდება და უყუჩდება.
უყუჩდება და ღიღინით ბრუნდება სახლში.

ბრუნდება ქალიც.
ქუსლიან ფეხსაცმელს შემოსასვლელშივე ყრის და
ნავაჭრი სამზარეულოში გააქვს.
ბრუნდება ქალი და ქმარს თვალს არიდებს.
ბრუნდება ქალი და ეს დაბრუნება ყველაზე სევდიანია
ყველა იმ შესაძლო დაბრუნებებს შორის,
რომლებიც ადამიანებმა ერთმანეთის შესანარჩუნებლად მოიგონეს.
ბრუნდება ქალი და ზუსტად იცის,
სარეცხიდან ხელების ამოღების შემდეგ,
საჭმლის მომზადების შემდეგ
დაღლილ ტანზე წყლის გადავლების შემდეგ
ყველა აუცილებლად სათქმელი სიტყვის შემდეგ
საწოლში მოკუნტვის შემდეგ
ერთხელ ისევ ადგება დილით,
დახეთქილ ხელებზე გლიცერინიან კრემს წაისვამს
დასიებულ ფეხებს გაპოხიერებულ ფეხსაცმელში ჩატენის
გაუფერულებულ ტუჩებს პომადით გაიცოცხლებს
მაგიდაზე ფულს დატოვებს
და წავა.”

ნატო ჯავახიშვილის ფეისბუქ გვერდიდან.

Facebook Comments
%d bloggers like this: