კორონავირუსის მხრივ სიტუაცია სტაბილურია, თუმცა არ შეგეშინდეთ, არის მიმართვიანობის ზრდა გრიპთან დაკავშირებით

Nusagi

დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  მორიგი ბრიფინგი ჩაატარა. მან მადლობა გადაუხადა მედიას ეპიდსიტუაციის სწორი გაშუქებისთვის. გამყრელიძის თქმით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიის მართვის დროს.

„ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მედპერსონალს, ვინც 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად, საკუთარი რისკის ფასად ემსახურება პაციენტებს. სიტუაცია დღეს ქვეყანაში კონტროლირებადია. რადიკალურად უმჯობესდება სიტუაცია ჩინეთში, სადაც დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ 26 ახალი ინფიცირების შემთხვევაა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრდა. სამწუხაროდ, უარესდება ეპიდსიტუაცია ჩინეთს გარეთ ქვეყნებში, მათ შორის პირველია იტალია, სადაც დღეის მონაცემებით 9 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოში 15:00 სთ-ის მნაცემებით, გატესტილია 466 შესაძლო შემთხვევა და დადასტურებულია 15. მათგან ორი უკავშირდება ირანში მოგზაურობას, 1 ესპანეთში, 7 -იტალიაში, 5 კი, მათთან კონტაქტს. კარანტინში იმყოფება 171 ადამიანი“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მონიტორინგს მხარს დაუჭერს შს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. გამყრელიძემ მოუწოდა თვითიზოლაციაში მყოფებს, არ დაარღვიონ რეჟიმი. 

„რეკომენდაციები ისევ რჩება ძალაში, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს საერთაშორისო მოგზაურობები, არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ყველგან. ჩამოსული ადამიანები, განსაკუთრებით 4 მთავარი დასნეულებული ქვეყნიდან, აუცილებელია, მოთავსდნენ თვითიზოლაციაში. თუ აღენიშნებათ სიმპტომები, აუცილებლად გაამჟღავნონ ეს. მთავარი რეკომენდაციაა პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, არ უნდა მოვადუნოთ ჩვენი ყურადღება გრიპთან დაკავშირებით, რადგან მარტის მეორე კვირაში, გვაქვს მიმართვიანობის ზრდა.

„არ შეგეშინდეთ, მაგრამ გვაქვს მიმართვიანობის ზრდა გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების, ასევე ჰოსპიტალიზაციის პირობებში გადაყვანა, უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ არ მივიღოთ მეორე ძლიერი ტალღა, მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: