საქართველოში ამ ეტაპზე შიდა გავრცელება არ არის, მე-4 პაციენტის შემთხვევა არის პირველი გენერაცია

იმ პირებმა, რომლებიც ჩამოდიან მოგზაურობიდან, ან სამსახურეობრივი მივლინებიდან, ყველამ უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და 14 დღე იყოს ბინაზე, თვითიზოლაციაში,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთა საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ ადამიანს აქვს ძალიან მცირე კონტაქტები სხვებთან და თუ რომელიმესთან გამოვლინდება კლინიკური შემთხვევა, მოხდება გადაყვანა ინფექციურში.

„ყველაზე მთავარია, ადამიანებმა გამოიჩინონ სიყვარული თავისი ქვეყნისა და ხალხის მიმართ და დარჩნენ თვითიზოლაციაში. თუ კარანტინში მყოფ ადამიანებს გამოუვლინდებათ კლინიკური ნიშნები, ყველა პაციენტი მოვა ჩვენთან და ჩაუტარდება კვლევა. ჩვენ გვაქვს 44 ბოქსირებული საწოლი. ამ 44 საწოლით მე თავისუფლად შემიძლია ვმართო დღემდე მოსული ნაკადები. ეს არის 24 საათიანი მუშაობის შედეგი და ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემი ცენტრის ყველა თანამშრომელს, რომელიც თავდაუზოგავად, საკუთარი სიცოცხლის ფასად, უდიდესი სიყვარულით ემსახურება ყველა პაციენტს“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, საქართველოში შიდა გავრცელების ფაქტი ჯერ არ გამოვლენილა. რაც შეეხება მე-4 პაციენტის შემთხვევას, ეს არის პირველი გენერაცია.  

„ეს არ არის შიდა გავრცელება, ამას ჰქვია პირველი გენერაცია, ანუ შემოტანილი შემთხვევებისგან დაფიქსირდა გავრცელება რამდენიმე ადამიანზე. ამას თუ მოყვება მეორე, მესამე და მეოთხე, ეს იქნება შიდა გავრცელება. თუ ჩვენი სამსახურები გააგრძელებენ კოორდინირებულ მუშაობას, გაგრძელდება პრევენციული ღონისძიებები, იმედი მაქვს, რომ შიდა გავრცელებას ჩვენთან ადგილი არ ექნება“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, გუშინ, დღის განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდა 33 პაციენტს და კორონავირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასურდა.


Facebook Comments
%d bloggers like this: